საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№21აპ-20 ქ. თბილისი
გ-ი ა-ა, 21აპ-20 25 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. გ-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო: თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით); ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებაში ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით).
2. ა. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ა. გ-ი სს „ლ-ი ბ-ის“ ქ. თ-ოს ფილიალის ლომბარდში ექსპერტ-შემფასებლად მუშაობდა 2011 წლიდან 2015 წლის იანვრამდე. მან 2014 წლის 8 მაისიდან 2015 წლის 15 იანვრამდე დროის შუალედში თავისი ნათესავებისა და თანამშრომლების – თ. ო-ის, ე. ს-ას, ც. ბ-ის, თ. შ-ის, გ. გ-ის, ლ. გ-სა და მ. გ-ის სახელზე ფიქციურად გააფორმა სალომბარდე სესხის ხელშეკრულებები. ა. გ-მა, აღნიშნულ ხელშეკრულებებში ნაკეთობის წონისა და ოდენობის განზრახ არასწორად ჩაწერისა და სინჯის განზრახ არასწორად დადგენის გზით, ხელოვნურად გაზარდა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ნივთების ღირებულება და, შესაბამისად, სესხის ოდენობა. შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფიქციური მსესხებლების მეშვეობით დაეუფლა სს „ლ-ი ბ-ის“ კუთვნილ ფულს – 115 089,39 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით – 115 089,39 ლარის ზიანი.
· ა. გ-ი სს „ლ-ი ბ-ის“ ქ. თ-ოს ფილიალის ლომბარდში ექსპერტ-შემფასებლად მუშაობდა 2011 წლიდან 2015 წლის იანვრამდე. მან 2014 წლის 8 მაისიდან 2015 წლის 15 იანვრამდე დროის შუალედში ბანკის კლიენტებთან – მ. ა-თან, ბ. გ-სთან, ნ. ჯ-სთან, მ. ა-სთან, ნ. გ-თან, გ. გ-თან, თ. მ-სა და ი. ა-თან გააფორმა სალომბარდე ხელშეკრულებები. ა. გ-მა, აღნიშნულ ხელშეკრულებებში ნაკეთობის წონისა და ოდენობის განზრახ არასწორად ჩაწერისა და სინჯის განზრახ არასწორად დადგენის გზით, მსესხებლისათვის სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ნივთების რეალურ ღირებულებასთან შედარებით მეტი ოდენობის სესხის მიცემის მიზნით, ხელოვნურად გაზარდა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ნივთების ღირებულება და, შესაბამისად, სესხის ოდენობა. შედეგად, დაზარალებულ სს „ლ-ი ბ-ს“ მიაყენა ჯამურად – 27 489,71 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განაჩენით ა. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (მ. გ-ის 4500 ლარის ნაწილში) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 220-ე მუხლზე; ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით; 220-ე მუხლით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 4 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. კ-ამ. მან ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ა. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი შესაგებლით ითხოვს ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და ა. გ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №134აპ-16).
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ა. გ-ის უდანაშაულობის შესახებ მისთვის წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 220-ე მუხლების შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების – რ. შ-ის, გ. ჩ-ის, დ. წ-ის, გ. გ-ის, ნ. ყ-ის, მ. დ-ის, თ. ო-ის, ე. ს-ას, ბ. გ-ის, ნ. ჯ-სა და სხვათა განმარტებებით, 2011 წლის 20 დეკემბრის №-- და სალომბარდე სესხის პროცედურის დამტკიცების შესახებ 2013 წლის 19 ნოემბრის ბრძანებებით, სს „ლ-ი ბ-ის“ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 13 იანვრის შემოწმებით, ამოღების ოქმებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ხელშეკრულებებით, ქისებითა და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 220-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი