დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1063-995-2010 20 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს „გ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ კომლის წევრობის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „გ.-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ს.-ს“ მიმართ და მოითხოვა 4000 ლარის სანაცვლოდ სს „გ.-ს“ ტერიტორიაზე გამავალ სს „ს.-ს“ კუთვნილი 520 გრძივი მეტრი რკინიგზის საკუთრებაში გადაცემა.
2007 წლის 13 ივნისს სს „ს.-მ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სს „გ.-სათვის“ კუთვნილი რკინიგზის სარგებლობაში ხელშეშლის აკრძალვა.
2007 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სს „გ.-ს“ წარმომადგენლების შუამდგომლობა სასარჩელო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, სს „გ.-ს“ სარჩელი დარჩა განუხილველად და საქმის წარმოება გაგრძელდა სს „ს.-ს“ სარჩელზე სს „გ.-ს“ მიმართ უკანონო ხელშეშლის, კუთვნილი რკინიგზის სარგებლობის აღკვეთის შესახებ.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ს.-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ს.-ს“ დირექტორმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს.-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სს „ს.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „გ.-ს“ აეკრძალა სს „ს.-სათვის“ მისი კუთვნილი რკინიგზის ხაზით სარგებლობის ხელშეშლა, რომელიც გადის სს „გ.-ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „გ.-მ“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით სს “გ.-ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განხილველად.
2009 წლის 1 ივნისს სს “გ.-ს” გენერალურმა დირექტორმა ზ. თ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, განმარტება იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება რკინიგზის ხაზით სარგებლობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინებით სს “გ.-ს” გენერალური დირექტორის ზ. თ-შვილის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს “გ.-მ” შეიტანა კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით სს “გ.-ს” კერძო საჩივარი გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აგვისტოს განჩინებით სს “გ.-ს” განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება განიმარტა იმგვარად, რომ სს “ს.-სათვის” რკინიგზის ხაზით სარგებლობის ხელშეშლაში იგულისხმება სს “გ.-ს” მიერ ნებისმიერი სახის ხელშეშლა, მათ შორის, გაატაროს რკინიგზის შემადგენლობა და ტვირთები, რკინიგზის ხაზის დემონტაჟში ხელშეშლა და ა.შ.
სააპელაციო პალატის მითითებით, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოითხოვს განმარტებას და მიუთითა, რომ სასამართლომ უნდა განმარტოს, თუ რა იგულისხმება რკინიგზის ხაზით სარგებლობის ხელშეშლაში (გაატაროს რკინიგზის შემადგენლობა და ტვირთები, თუ სარგებლობაში იგულისხმება რკინიგზის ხაზის აღება სს “გ.-ს” კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან და ა.შ).
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კანონმდებელი იცავს მესაკუთრის უფლებებს, რაც ასევე გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
განსახილველ შემთხვევაში, სს “ს.-მ” სარჩელი აღძრა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე სს “გ.” ხელს უშლის, ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული რკინიგზის ხაზით.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლა გამოიხატება იმაში, რომ ეს უკანასკნელი მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში არ უშვებს სს “ს.-ს”, რათა მოახდინოს მისი კუთვნილი რკინიგზის ხაზის დემონტაჟი. შესაბამისად, მოსარჩელე იმთავითვე სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეშლა გამოიხატებოდა რკინიგზის ხაზის დემონტაჟის ხელშეშლაში.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ რკინიგზის ხაზით სარგებლობის ხელშეშლაში იგულისხმება მესაკუთრისათვის ნებისმიერი სახის ხელშეშლა, მათ შორის, გაატაროს რკინიგზის შემადგენლობა და ტვირთები, რკინიგზის ხაზის დემონტაჟში ხელშეშლა და ა.შ.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე სს “გაჩიანმა” შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრებული სახით განიმარტებით შეილახა მისი სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განარტირებული მესაკუთრის უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ სს “გ.-ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ და არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება განიმარტა იმგვარად, რომ სს “ს.-სათვის” რკინიგზის ხაზით სარგებლობის ხელშეშლაში იგულისხმება სს “გ.-ს” მიერ ნებისმიერი სახის ხელშეშლა, მათ შორის, გაატაროს რკინიგზის შემადგენლობა და ტვირთები, რკინიგზის ხაზის დემონტაჟში ხელშეშლა და ა.შ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილების ამგვარად განმარტებით დაირღვა სს “გ.-ს”, როგორც მესაკუთრის უფლებები, ვინაიდან მხარეს არ დაუსაბუთებია, თუ რაში გამოიხატა მისი უფლებების დარღვევა.
ამასთან, სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ნივთით სარგებლობის ხელშეშლაში მოიაზრება ნებისმიერი სახის ხელშეშლა, როგორიცაა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება, დემონტაჟი და სხვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “გ.-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.