საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003136204
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №395აპ-20 ქ. თბილისი
ბ-ი ზ 395აპ-20 31 აგვისტო, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე), მამუკა ვასაძე,შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანა კვიჟინაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ზ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ბ-ს, - დაბადებულს ... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 ივნისს ზ. ბ-ა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედას - რ. ბ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც რ. ბ-ა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 19 ივნისს ზ. ბ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - რ. ბ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ზ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით ზ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და გამართლებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
ზ. ბ-ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ზ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას ისეთ საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი. (იხ. Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ გამამატყუნებელი განაჩენი უნდა აკმაყოფილებდეს მტკიცებულებათა უტყუარობის და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს. პირის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა უნდა დასტურდებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას , რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
9. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულის მამხილებელ ჩვენებებაზე. კერძოდ,10. მოწმე პოლიციელების - ჯ. მ-ა და თ. ჯ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ რ. ბ-ს მხრიდან ,,112-ში“ არ შესულა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ან მუქარის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი ითხოვდა დახმარებას პაციენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანაზე, გამოძახების ადგილზე არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. ბრალდებული გადაყვანილ იქნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც მის მიღებაზე უარი განაცხადეს. უარის შემდეგ უამბო პატრულ-ინსპექტორებს რ. ბ-ა, რომ შვილმა, რომელთანაც ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ქონებაზე, მასზე ფიზიკურად იძალადა.
11. მოწმეების - ჯ. მ-ა და თ. ჯ-ს ჩვენებებით რ. ბ-ი აცხადებდა, რომ შვილმა დაზიანება მიაყენა თავის და ორივე კიდურის არეში. ექსპერტიზის დასკვნით შესამოწმებელ პირს დაზიანება თავის და კიდურების არეში არ აღენიშნებოდა, დაზიანების კვალი აღმოჩენილი იყო მარჯვენა მტევანზე. დაზიანების ლოკალიზაციასა და დაზარალებულის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას შორის წინააღმდეგობა საჭიროებს დაზარალებულის მიერ ახსნას, თუმცა დაზარალებულმა რ. ბ-ა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე შვილის - ზ. ბ-ს წინააღმდეგ.
12. მოწმე თ. ჯ-ს ჩვენებით, რ. ბ-ა განუცხადა, რომ პოლიციელების მისვლამდე ზ. ბ-ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ჯ. მ-ე სასამართლოს განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის. მოწმის ჩვენებით, რ. ბ-ი მხოლოდ სამომავლო მუქარის რისკზე საუბრობდა და არა უკვე მომხდარ ფაქტზე. ირიბი მოწმეების მითითება იმის თაობაზე, რომ გამოძახების მისამართზე შეტყობინების ინიციატორი დახვდათ აღელვებული, ხოლო ბრალდებული - წელს ზემოთ შიშველი და არაადეკვატური, პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო-ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით, ზ. ბ-ს გააჩნია ფსიქიკური ნაკლი, - არ გამორიცხავს, რომ მისი ამგვარი ქცევა გამოწვეული ყოფილიყო სწორედ ფსიქიკური პრობლემით - ორგანული პიროვნული აშლილობით.
13. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ანა კვიჟინაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე