საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100118002475009
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№295აპ-20 ქ. თბილისი
ნ–ი მ., 295აპ-20 6 აგვისტო, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ნ–ის ადვოკატების - რ. გ–ისა და ლ. ზ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. ნ–ის ადვოკატებმა - რ. გ–მა და ლ. ზ–მ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სათანადო პასუხი არ გასცა დაცვის მხარის არგუმენტებს; ბუნდოვანი და აუხსნელია მკვლელობის მოტივი; სასამართლო არასწორად მიუთითებს მსჯავრდებულზე, როგორც პირზე, რომელსაც ვიდეოჩანაწერში აცვია კაპიუშონიანი ზედა; მაღაზიის შესასვლელი კარის ურდულის შიდა მხარეს, ეზოდან გასასვლელ ჭიშკარსა და მაღაზიაში დარჩენილი გაუსროლელი ვაზნიდან ამოღებული ,,დნმ-ის“ კვალი არ შეიძლება გახდეს მკვლელობაში მ. ნ–ის მსჯავრდების უპირობო საფუძველი და შესაძლებელია გამოძიება განზრახ იყოს შეცდომაში შეყვანილი, როგორც მკვლელის მიერ სხვისი მაიდენტიფიცირებელი კვალის დატოვებით, ასევე მტკიცებულების ფალსიფიკაციით; კასატორები სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად ასაჩივრებენ ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა 2019 წლის 24 ივნისის ექსპერტიზის №11-ე-19 დასკვნის დასაშვებად ცნობის, გამოკვლევისა და ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების დაკითხვის თაობაზე.
2. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა საკასაციო შესაგებლით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ნ–ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში; ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ორი პირის განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
- მ. ნ–მა გადაწყვიტა ყაჩაღურად თავს დასხმოდა ქ. თ.....ში, ..... დასახლებაში, ..... ქუჩა №...-ში მცხოვრებ ცოლ-ქმარს - ე. ტ–სა და ი. ხ–ს, რომლებიც იმავე მისამართზე ფლობდნენ სასურსათო მაღაზიას და ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას. ამ მიზნით მ. ნ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალით, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, მ. ნ–ი თავს დაესხა მაღაზიაში მყოფ ე. ტ–სა და ი. ხ–ს, რომლებმაც გაუწიეს წინააღმდეგობა, რის გამოც მ. ნ–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა ე. ტ–ი, მისი მეუღლე ი. ხ–ი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
4. მ. ნ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით მ. ნ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;
მ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ. ნ–ს სასჯელად განესაზღვრა - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
- მ. ნ–მა ქ.თ–ში, ..... დასახლებაში, .... ქუჩა №..-ში, 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით, რასაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენიმე გასროლით მოკლა ე. ტ–ი და მისი მეუღლე ი. ხ–ი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ე. ტ–ის სიკვდილის მიზეზია: ღვიძლისა და ნაღველის ანატომიური მთლიანობის დარღვევა და მარჯვენა ფილტვის გამჭოლი დაზიანება განვითარებული მუცლისა და გულმკერდის ღრუში შემავალი, ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად, ხოლო ი. ხ–ის სიკვდილის მიზეზია: თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად განვითარებული: ქალა-სარქვლისა და ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის გარსების, ნივთიერების და მარცხენა ფილტვის დაზიანება და ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და მარჯვენა თირკმელის ანატომიური მთლიანობის დარღვევა.
- 2018 წლის 6 მარტს მ. ნ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრიანი 14 ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრიანი ,,კალაშნიკოვის“კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. თოთხმეტივე ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. ნ–ის ადვოკატებმა - რ. გ–მა, ლ. ზ–მ, ს. კ–მ და გ. ს–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადგინდა მ. ნ–ის ბრალეულობა და, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს; საფუძველს მოკლებულია კასატორების მტკიცება, თითქოსდა ბუნდოვანი და აუხსნელი დარჩა დანაშაულის მოტივი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მოწმეების - გ. ტ–ის, ე. წ–ისა და ვ. ხ–ის ჩვენებებით ცალსახად დაადგინა დანაშაულის წინაპირობები და მისი ჩადენის მოტივი (მიზეზი), მ. ნ–ის მხრიდან მუქარის ფაქტი და გარდაცვლილების აღქმა მსჯავრდებულისგან მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე; სააპელაციო სასამართლომ გვერდი არ აუარა იმ გარემოებას, რომ ე. მ–ის საცხოვრებელი სახლის ვიდეოკამერის ჩანაწერის მიხედვით არ არის იდენტიფიცირებული პირი, რომელიც შედის ე. ტ–ისა და ი. ხ–ის მაღაზიაში და კეტავს კარს, თუმცა მართებულად აღნიშნა, რომ ეს გარემოება ვერ გამორიცხავს მ. ნ–ის ბრალეულობას, მითუფრო როდესაც მაღაზიაში შესული პირის ჩაცმულობა (კაპიუშონიანი ზედატანი) ემთხვევა შემთხვევის ღამეს მსჯავრდებულის ჩაცმულობას; საკასაციო პალატა სამხილების შეფასებისას ხაზგასმით აღნიშნავს ,,დნმ-ის“ კვალის, როგორც უტყუარი მტკიცებულების უპირობოდ ძალიან მაღალ ფასს და მიიჩნევს, რომ ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მოწმეების - გ. ტ–ის, ე. წ–ის, ვ. ხ–ის, თ. პ–ის, ქ. ყ–ისა და თ. მ–ი-ჯ–ის ჩვენებებით, ერთობლივად დგინდება, რომ მ. ნ–ის ბიოლოგიური ნიმუში აღმოჩენილია ისეთ ადგილებში, სადაც მას, როგორც მაღაზიის მომხმარებელს შეხება არ ექნებოდა, რომ არაფერი ვთქვათ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვაზნაზე აღმოჩენილ მსჯავრდებულის ბიოლოგიურ მასალაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის ვარაუდი სხვა შესაძლო დამნაშავის მიერ მსჯავრდებულის მაიდენტიფიცირებელი კვალის შემთხვევის ადგილზე განზრახ დატოვებისა და/ან მტკიცებულების ფალსიფიკაციის თაობაზე; საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეების - გ. ტ–ის, ნ. მ–ის, ა. ნ–ის, მ. ქ–ის, ზ. ნ–ის, გ. ტ–ის, დ. ტ–ის, ე. წ–ის, ვ. ხ–ს, თ. პ–ის, ქ. ყ–ის, თ. მ–ი-ჯ–ის, რ. ნ–ის, ზ. ბ–ის, გ. ტ–ის, დ. ნ–ის, კ. რ–ის, ე. ბ–ის, ი. ც–სა და კ. გ–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ნიმუშის აღებისა და ბინის ჩხრეკის ოქმებით, სამედიცინო, ბიოლოგიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერ მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ნ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარებს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა 2019 წლის 24 ივნისის ექსპერტიზის №..... დასკვნის დასაშვებად ცნობის, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლევისა და ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების დაკითხვის თაობაზე, არის კანონიერი და დასაბუთებული, ვინაიდან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან არ იყო გამოკვეთილი შუამდგომლობის დაკმაყოფლების აუცილებელი წინაპირობები კერძოდ, მოთხოვნა არ იყო არგუმენტირებული და არ დასტურდებოდა, რატომ იყო ობიექტურად შეუძლებელი მტკიცებულების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ნ–ის ადვოკატების - რ. გ–ისა და ლ. ზ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი