საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.09.2020
საქმის ნომერი
2კ-833აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #050100116001464413

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №833-18 ქ. თბილისი

ო–ე პ.,833აპ-18 28 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: პ. ო-ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და კანონიერი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მილები, რომელთა ფარულად დაუფლებასაც პ. ო. ცდილობდა, არასდროს ყოფილა მისი საკუთრება, ეს ქონება მისთვის არავის უჩუქებია და ასევე, არავის მიუცია მათი განკარგვის ნებართვა. ამდენად, იგი მოქმედებდა წინასწარი განზრახვით, რომ მილები მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა.

2. მსჯავრდებული პ. ო. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ. ო-ს ბრალი დაედო ქურდობის მცდელობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო, მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

პ. ო-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 11 საათზე, ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, პ. ო. შეეცადა, ფარულად დაუფლებოდა 3222 ლარად ღირებულ სახელმწიფო ქონებას – ფოლადის ექვს მილს, რომლებიც დააჭრევინა დაქირავებულ მუშას და აპირებდა მისი ადგილიდან ტრანსპორტით გადატანას, რითაც დაზარალებულს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს .... მომსახურების ცენტრს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენით პ. ო-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

პ. ო., - დაბადებულის 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი.

გაუქმდა პ. ო-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო. ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, პ. ო-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი: N ...) და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: პ. ო-ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და კანონიერი სასჯელის შეფარდება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს, რომ პ. ო-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, სააპელაციო სასამართლო განაჩენში ამომწურავად უთითებს იმ მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირდა, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ო. სადავო ქონებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არ დაუფლებია, არამედ - იგი მილებს შეცდომით მიიჩნევდა თავის საკუთრებად, რის შესაბამისადაც, მათი მოჭრა და გადატანა დაავალა ზ. ი-ს, ხოლო სინამდვილეში კი მას ამის უფლება არ გააჩნდა, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება და იზიარებს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი