დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.02.2011
საქმის ნომერი
ას-1283-1130-2010
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1283-1130-2010 9 თებერვალი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ც-ევი (წარმომადგენელი ა. გ-ია)

მოწინააღმდეგე მხარეები _ დ., ე. და მ. შ-შვილები

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 27 მაისს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის მოთხოვნით სარჩელით მიმართა მ. ც-ევმა მოპასუხეების _ დ., ე. და მ. შ-შვილების მიმართ (ტომი I, ს.ფ. 15).

მოგვიანებით იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა დ. შ-შვილმა მოპასუხე მ. ც-ევის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან ქორწინების განმავლობაში შეძენილი ძვირფასეულობის ღირებულების ნახევარის 1375 ლარის ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 73-82).

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ც-ევის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის სასარგებლოდ გამოთხოვილ იქნა შემდეგი ნივთები: “ვესტელის” ფირმის სარეცხის მანქანა, თეთრი ფერის ჩაიდანი (პატარა) ფილტრით, “ვაზა” ძოწის, “ვაზა” ბროლის, საბნები ვარდისფერი 2 ცალი, თეთრი ფერის დიდი ზომის თეფშები 6 ცალი ვარდისფერი მოხატულობით, თოჯინა “ანგელოზი”, სამკაულები “ზარდახშა” ხის ყავისფერი, ყანწი 2 ცალი, სამურაბე ფაილები 2 ცალი; სარჩელით მოთხოვნილი დანარჩენი ნივთების (თეთრი ფერის ტორტის თეფშები 3 ცალი მწვანე ყვავილებით, ყანწი ორი ფიალით ყავისფერი, ტორტის თეფშები 3 ცალი თეთრი ფერის ყვითელი ყვავილებით, ხინკლის სერვიზი, თეთრი ვარდისფერი ყვავილებით, შანდალი ხის ყავისფერი, თეთრეულის კომპლექტი, ბროლის დოქი ჭიქებით (სერვისი), ბაჯაღლოს ოქროს ბეჭედი (რგოლი) 8 გრამიანი) მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე მ. ც-ევს უარი ეთქვა; დ. შ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ც-ევს დ. შ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ძვირფასეულობის ღირებულების ნახევრის შესაბამისი ფულადი კომპენსაციის _ 1375 ლარის ანაზღაურება (ტომი I, ს.ფ. 157-159, 187).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ევმა, რომელმაც მოითხოვა მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ც-ევის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო დ. შ-შვილის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 168-176).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მ. ც-ევის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით აპელანტ მ. ც-ევს ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა 10 დღის ვადა, კერძოდ, მას დაევალა ხარვეზის გამოსასწორებლად წარედგინა 150 ლარისა და 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები: საგადასახადო დავალება, დამოწმებული მისი შესრულების დამადასტურებელი შტამპით “განაღდებულია”, სალაროს შემოსავლის ორდერი, ქვითარი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გადახდის ფაქტს. დასახელებული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მ. ც-ევს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს მიმართა 2010 წლის 18 ოქტომბერს, რა დროსაც წარადგინა 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით ამოწერილი ბანკის საგადასახადო დავალება. აპელანტს არ წარუდგენია 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით დავალებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები: საგადასახადო დავალება, დამოწმებული მისი შესრულების დამადასტურებელი შტამპით “განაღდებულია”, სალაროს შემოსავლის ორდერი, ქვითარი ან სხვა დოკუმენტი, მიუხედავად აღნიშნული ვალდებულების თაობაზე სასამართლოს მიერ მიცემული არაერთი განმარტებისა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ ყოფილა, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა (ტომი II, ს.ფ. 26-28).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. ც-ევმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის განჩინებით მ. ც-ევის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 310 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრისა და 23 სექტემბრის განჩინებებით დადასტურებულია, რომ აპელანტმა ხარვეზი გამოასწორა ნაწილობრივ. 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში სასამართლომ მხარეს მოსთხოვა საგადახდო დავალების დედნის წარდგენა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის ოდენობითYგადახდილ თანხაზე. აღნიშნული სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ საქმეზე წარდგენილ ბაჟის გადახდის ქვითარზე არ იყო დასმული შტამპი “განაღდებულია”. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის ¹166 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებით”, ვინაიდან აპელანტის მიერ თანხა გადახდილი იყო ნაღდი ანგარიშსწორებით. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ სასამართლოში წარდგენილი საგადასახადო დავალების დედანი დამტკიცებულია ბანკის ბეჭდით, მასზე მითითებულია ყველა რეკვიზიტი, მათ შორის, შემოსავლის თარიღი, გადამხდელი (ფიზიკური პირი), გადახდის დანიშნულება, საქმის ნომერი. ამასთან, აღნიშნულია, რომ დოკუმენტი ივსება მხოლოდ სახელმწიფო ხაზინაში გადახდების დროს. საგადასახადო დავალებების დედნებზე კი არც ერთი ბანკი არ სვამს შტამპს აღნიშვნით “განაღდებულია”.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში აპელანტმა მ. ც-ევმა სააპელაციო საჩივარზე სრულად გამოასწორა ხარვეზი, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 310 ლარის ოდენობით. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ გააჩნდა.

კერძო საჩივრის ავტორმა საჩივარს თან დაურთო 12.08.2010წ. სალაროს შემოსავლის ¹1/59631 ორდერის დედანი (ტომი II, ს.ფ. 35-38).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ც-ევის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა. სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი შემდეგში მდგომარეობდა: აპელანტ მ. ც-ევს სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა წარედგინა 150 და 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები, კერძოდ, საგადახდო დავალება დამოწმებული მისი შესრულების დამადასტურებელი შტამპით _ “განაღდებულია”, სალაროს შემოსავლის ორდერი, ქვითარი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გადახდის ფაქტს (ტომი 2, ს.ფ. 18-20).

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღების დროისათვის სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ წარდგენილი იყო 2010 წლის 12 აგვისტოს და 18 ოქტომბრის საგადახდო დავალებები 150 და 160 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე (ტომი 2, ს.ფ. 10, 24).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული საგადახდო დავალებები სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებად და კანონიერად მოთხოვა აპელანტს წარმოედგინა საგადახდო დავალება დამოწმებული მომსახურე ბანკის შტამპით “განაღდებულია” ან ამავე ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერი. კერძოდ:

“საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის ¹166 ბრძანების 1.2 მუხლის “წ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადახდო დავალება არის ანგარიშის მფლობელის (გადამხდელის) მიერ საგადახდო საბუთის სახით გაფორმებული განკარგულება მისი მომსახურე ბანკისათვის, სახსრების მიმღების ამავე ან სხვა ბანკში გახსნილ ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვის შესახებ, ხოლო ამავე ბრძანების 3.11 მუხლის თანახმად, კლიენტს უფლება აქვს გააუქმოს ბანკისათვის მიცემული დავალება, სანამ რეალურად არ მომხდარა მისი საბანკო ანგარიშებიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა. საგადახდო საბუთი ითვლება რეალურად გადარიცხულად (შესრულებულად), როდესაც კლიენტის მომსახურე საბანკო დაწესებულება ამ საბუთის კლიენტისათვის დასაბრუნებელ ეგზემპლარზე ასვამს შტამპს _ “განაღდებულია”.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე “კომერციულ ბანკებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის ¹66ა ბრძანებაზე. დასახელებული ბრძანება ადგენს კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად სავალდებულო წესებს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მომსახურებისას. ბრძანებაში ერთმანეთისაგან გამიჯნულია საოპერაციო მუშაკისა და შემოსავლის სალაროს მუშაკის ფუნქციები (ბრძანების მე-7 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები), ამასთან, ბრძანებით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირთა მომსახურების შემთხვევაში საოპერაციო მუშაკისა და მოლარის ფუნქცია შესაძლებელია დაეკისროს ერთ მუშაკს (ბრძანების 1-ლი მუხლის 291 პუნქტი). ამავე ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირებისაგან ნაღდი ფულის მიღება და გაცემა ხდება სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებით. სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ რეკვიზიტებს: თარიღი, კლიენტის სახელი და გვარი, ანგარიშის ნომერი საკრედიტო ორგანიზაციაში, ანგარიშზე ჩასარიცხი ან ანგარიშიდან მოსახსნელი თანხა (ციფრებით და სიტყვებით), კლიენტის, საოპერაციო და სალაროს მუშაკების ხელმოწერები. კომუნალური, საგადასახადო და სხვა სახის შემოსავლის მიღება ხდება დადგენილი ფორმის შეტყობინების საფუძველზე ქვითრების გამოწერით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, კომუნალური და სხვა გადასახადების მიღების ოპერაციის დამთავრების შემდეგ, სალაროს მუშაკი კლიენტისათვის დასაბრუნებელ ქვითარზე საკონტროლო-საკასო აპარატის საშუალებით სვამს შტამპს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საგადახდო დავალება, როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში, არის გადამხდელის მიერ საგადახდო საბუთის სახით გაფორმებული განკარგულება მისი მომსახურე ბანკისათვის, სახსრების მიმღების ამავე ან სხვა ბანკში გახსნილ ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვის შესახებ. შესაბამისად, მხოლოდ საგადახდო დავალებით, ანუ მომსახურე ბანკისადმი გადამხდელის განკარგულებით ფულადი სახსრების გადარიცხვის შესახებ, ვერ დადასტურდება საგადახდო დავალების რეალურად შესრულება. კერძოდ, უნაღდო ანგარიშსწორებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემთხვევაში საგადახდო საბუთი (საგადახდო დავალება) ჩაითვლება რეალურად გადარიცხულად (შესრულებულად), როდესაც კლიენტის მომსახურე საბანკო დაწესებულება ამ საბუთის კლიენტისათვის დასაბრუნებელ ეგზემპლარზე დაასვამს შტამპს _ “განაღდებულია”, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების საფუძველზე ფულადი სახსრების გადარიცხვები ხორციელდება ბანკში ანგარიშის გახსნის გარეშე (ნაღდი ფულით ანგარიშსწორება), მაშინ საგადახდო საბუთში მითითებული თანხის გადამხდელის მიერ რეალურად გადახდა უნდა დადასტურდეს მომსახურე ბანკის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერით, რომელიც დამოწმებულია ბანკის პასუხისმგებელი მუშაკის ხელმოწერით და სალაროს შტამპით.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 12 აგვისტოს ¹1 და 2010 წლის 18 ოქტომბრის ¹2 საგადახდო დავალებები 310 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოხდა ნაღდი ფულით. ასეთ შემთხვევაში, აპელანტს საგადახდო დავალებებთან ერთად უნდა წარედგინა ასევე სალაროს შემოსავლის ორდერები, როგორც მტკიცებულება მომსახურე ბანკის სალაროში სახელმწიფო ბაჟის ნაღდი ფულით გადახდის თაობაზე. დადგენილია, რომ სალაროს შემოსავლის ორდერები, სასამართლოს დავალების მიუხედავად, აპელანტს არ წარუდგენია.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მან, როგორც ფიზიკურმა პირმა, სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ნაღდი ფულით, ამიტომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის ¹166 ბრძანება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას, ვინაიდან, ჯერ ერთი, სააპელაციო სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი, თუ რა ფორმით გადაიხადა აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით და რა ფორმით აპირებდა იგი დარჩენილი 160 ლარის გადახდას. ამიტომაც მოითხოვა სასამართლომ აპელანტისაგან, როგორც მომსახურე ბანკის შტამპით - “განაღდებულია”, დამოწმებული საგადახდო დავალების, ასევე სალაროს შემოსავლის ორდერის, ქვითრის ან სხვა დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა სახელმწიფო ბაჟის რეალურად გადახდის ფაქტს. გარდა ამისა, ზემოხსენებული ბრძანება უნაღდო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან ერთად, არეგულირებს ასევე ფიზიკური პირის მიერ ბანკში ანგარიშის გახსნის გარეშე (ნაღდი ფულით ანგარიშსწორება) ფულადი სახსრების გადარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს (ბრძანების 9.4 მუხლი). ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, კომერციული ბანკებისათვის სავალდებულოა “კომერციულ ბანკებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 24 ივლისის ¹66ა ბრძანება, რომლის მე-13 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირებისაგან ნაღდი ფულის მიღება ხდება სალაროს შემოსავლის ორდერით. შესაბამისად, სწორედ ამ დოკუმენტით დასტურდება მომსახურე ბანკის შემოსავლის სალაროში ნაღდი ფულის შეტანა (გადახდა).

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სალაროს შემოსავლის ორდერი სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხავეზის განჩინებით მოთხოვნილი სალაროს შემოსავლის ორდერის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენა ვერ ჩაითვლება ხარვეზის შევსებად, ვინაიდან აპელანტი ვალდებული იყო ხსენებული მტკიცებულება წარედგინა სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის თაობაზე წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები, ამიტომ მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა.

ზმოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ც-ევის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მ. ც-ევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.