საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #150100119003032822
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№491აპ-20 ქ. თბილისი
ს–ი ლ., 491აპ-20 2 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ.
2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ს–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში. პროკურორის მითითებით, კ. ს–ის 2019 წლის 20 აპრილის განცხადებით ირკვევა, რომ ამ უკანასკნელმა მეუღლის მხრიდან ძალადობის აღსაკვეთად დასახმარებლად მიმართა სამართალდამცავებს; მოწმე ჯ. ჭ–მა დაადასტურა, რომ დაიწო გამოძიება კ. ს–ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე და გამოკითხა დაზარალებული; ა–ის სამედიცინო ცენტრის შეტყობინებითა და მოწმე ს. კ–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 20 აპრილს სხეულის დაზიანებებითა და ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებას მიმართა კ. ს–მა; ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა მიდამოში ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები; მოწმე პ. კ–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მისი ქალიშვილი - კ. ს–ი ოჯახში ძალადობის გამო დაშორდა წარსულში ლ. ს–ს.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ს–ს ბრალი დაედო ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ლ. ს–სა და მის მეუღლეს -კ. ს–ს ...........ის რაიონის სოფელ ..........ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში მოუხდათ კონფლიქტი იმ მიზეზით, თუ რატომ მიატოვა 2006 წელს კ. ს–მა ლ. ს–ი. ოჯახური კონფლიქტისას ლ. ს–მა არასრულწლოვანი შვილის - გ. ს–ის თანდასწრებით სხეულის სხვადასხვა არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - კ. ს–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. ლ. ს–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
5. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით ლ. ს–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
6. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10.საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია და სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ლ. ს–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები (მათ შორის - ჯ. ჭ–ის, ს. კ–ისა და პ. კ–ის ჩვენებები) არის ირიბი; დაზარალებულმა კ. ს–მა და მოწმეებმა - გ. და ა. ს–ბმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; ბრალდების მხარის მიერ საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებები ვერ გამოდგება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოების უტყუარად დასადგენად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების
ერთობლიობა, რომელიც უპირობოდ დაადასტურებდა, რომ კ. ს–ის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები სწორედ მისმა მეუღლემ, ლ. ს–მა მიაყენა.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი