საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010100118002276553
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№598აპ-20 ქ. თბილისი
ტ–ე ნ., 598აპ-20 18 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. ტ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო. პროკურორის მითითებით, ნ. ტ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ჟ. დ–ისა და მოწმე მ. ს–ის ჩვენებებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ტ–ს ბრალად დაედო სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 დეკემბერს ქ. ......ი, ..........ის ქუჩა №.-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-. სართულის სადარბაზოში, ნ. ტ–მ ურთიერთშელაპარაკებისას მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავში და სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ჟ. დ–ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. ნ. ტ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენით ნ. ტ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9.საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ნ. ტ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან -დაზარალებული ჟ. დ–ე გამოძიებაში, გამოკითხვის ოქმში (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს) არ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ჟ. დ–ს აღენიშნებოდა შუბლზე ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, მაგრამ არაფერია მითითებული იმის თაობაზე, რომ პირადი შემოწმებისას დაზარალებული უჩიოდა ტკივილს; საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ. ტ–ის ქმედებაში მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ელემენტის არსებობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი