საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #060100119003002208
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№610აპ-20 ქ. თბილისი
ხ–ე გ., 610აპ-20 19 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის, დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით. კასატორის მოსაზრებით, მსჯავრდებულს უნდა შეეფარდოს უფრო მკაცრი სასჯელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას სახერხი დანადგარი, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გ. ხ–მ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რომლის იარაღად გამოიყენა იგი.
2. მსჯავრდებული გ. ხ–ე საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის, დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით გ. ხ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილთ და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი; საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სახერხი დანადგარი და ხის მორები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ. ხ–ს.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ხ–მ ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში:
............ მუნიციპალიტეტის სოფელ .....ში (.........ი) მცხოვრებმა გ. ხ–მ თავის საკარმიდამო ნაკვეთში დაამონტაჟა სახერხი დანადგარი და მოწყობილობა ისე, რომ სახერხი საამქრო ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია ელექტრონულ სისტემაში, შესაბამის ვებპორტალზე. გ. ხ–ის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო 2019 წლის 18 მარტს გამოავლინეს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ......... გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მუშაკებმა.
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის ასაკის მხედველობაში მიღებით, გ. ხ–ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის დამძიმება და, მითუფრო, დამატებითი სასჯელის სახით მსჯავრდებულისათვის ქონების ჩამორთმევა, არ არის მიზანშეწონილი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის, დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი