საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.11.2020
საქმის ნომერი
2კ-496აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.11.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002788479

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №496აპ-19 ქ. თბილისი

ბ–ა ვ., 496აპ-19 2 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენზე სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

პროკურორი გიორგი ხაჩიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ვ. ბ–ასათვის ისეთი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით ვ. ბ–ა, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 3 დეკემბრიდან 2019 წლის 20 თებერვლის ჩათვლით), შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უკრაინის მოქალაქე ვ. ბ–ა, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 2018 წლის 3 დეკემბერს მივიდა .......ის მუნიციპალიტეტის სოფელ .......ს მიმდებარედ არსებულ ........-..........ის სახელმწიფო საზღვართან და შეეცადა მის უკანონოდ გადაკვეთას, რა დროსაც შეაჩერეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის შეფარდებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ვ. ბ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. მსჯავრდებულმა ვ. ბ–მ აღიარა ჩადენილი დანაშაული; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ხაჩიძის საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე