საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119002983880
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №612აპ-20 ქ. თბილისი
ი–ი მ., 612აპ-20 7 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. გ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. ი–ს გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმეში არ მოიპოვება მ. ი–ს მიერ დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულებები.
(თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. გ–ს შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა და აღდგენილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა).
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით მ. ი–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ი–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 13 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2019 წლის 20 მარტიდან იმავე წლის 22 მარტის ჩათვლით.
მ. ი–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ი–ს, რომელიც 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება შ. კ–თან, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - შ. კ–ს. მათ შორის, 2019 წლის 19 მარტს, საღამოს საათებში, მ. ი–მა ა–ის რაიონის სოფელ .........ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ფეხის დარტყმებით სცემა შ. კ–ს, მისივე არასრულწლოვანი შვილის - მ. მ–ს თანდასწრებით. მ. ი–მა მეუღლეს - შ. კ–ს, არასრულწლოვან მ. მ–ს თანდასწრებით, ასევე სცემა 2019 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, კერძოდ, სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი. მ. ი–ს ზემოაღნიშნული სისტემატური დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შ. კ–მა განიცადა ტანჯვა.
2019 წლის 19 მარტს, საღამოს საათებში, მ. ი–მა .........ის რაიონის სოფელ .....ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მარცხენა მკლავის არეში ხელი დაარტყა თავის არასრულწლოვან გერს - მ. მ–ს, რომელიც ცდილობდა მ. ი–ს შეჩერებას, როდესაც იგი სცემდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ. კ–ს. მ. ი–ს დარტყმის შედეგად მ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 20 მარტს, საღამოს საათებში, მ. ი–მა ა–ს რაიონის სოფელ ..........ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მარცხენა მკლავის არეში ხელი კვლავ დაარტყა თავის არასრულწლოვან გერს - მ. მ–ს, რომელიც ცდილობდა მ. ი–ს შეჩერებას, როდესაც იგი სცემდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ. კ–ს. მ. ი–ს დარტყმის შედეგად მ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მ. ი–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა მ. ი–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. გ–მ მხარი დაუჭირეს მ. ი–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნას; ამასთან, დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ შ. კ–ის ეპიზოდში მ. ი–ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით, ისევე, როგორც ეს მოხდა მ. მ–ს შემთხვევაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. ი–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი).
მ. ი–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ მ. ი–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 13 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 20 მარტიდან იმავე წლის 22 მარტის ჩათვლით.
გაუქმდა მ. ი–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ი–ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში.
8. დაზარალებულმა შ. კ–მა სასამართლოში დაადასტურა მ. ი–ს მიერ მასზე და მის შვილზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, კერძოდ:
9. დაზარალებულ შ. კ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლიდან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მ. ი–თან, მათ არ ჰყავთ საერთო შვილი. შ. კ–ს კი ჰყავს არასრულწლოვანი შვილი პირველი ქმრისგან - მ. მ–ი, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობს. მისი განმარტებით, მ. ი–ს ყოველთვის ავიწროებდა მას და მის შვილს, ვინაიდან უნდოდა, რომ ის და მისი შვილი წასულიყვნენ სახლიდან, რადგან მ. ი–ს სურდა, სახლში მიეყვანა თავისი შვილი და რძალი. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას მეუღლე თანაცხოვრების საწყის ეტაპზე არც სცემდა და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. 2017 წლიდან დაუწყო ჩხუბი, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ორ თვეში ერთხელ სცემდა ბავშვის თანდასწრებით, ასევე მასთან ერთად სცემდა მის შვილს, მ. მ–საც. 2019 წლიდან დაუწყო სისტემატური ცემა, დაახლოებით სამ თვეში ერთხელ, მასაც და მის შვილსაც. დაზარალებულმა განმარტა, რომ 2019 წლის 19 მარტს მას და მის შვილს მ. ი–მა სცემა ხელების დარტყმით, რა დროსაც მან მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ. ი–მა მათ სცემა 2019 წლის 20 მარტსაც. ამ ფაქტს ესწრებოდა მხოლოდ მისი შვილი - მ. მ–ი, რომელსაც ასევე სცემა, რადგან ბავშვს დედის დახმარება უნდოდა და ამის გამო დაარტყა.
10. საქმეში არსებული განცხადების თანახმად (ტ.1.ს.ფ.3) დანაშაულის შესახებ შ. კ–მა განაცხადა 2019 წლის 20 მარტს, სადაც მიუთითა, რომ სცემა მეუღლემ - მ. ი–მა და ითხოვა შესაბამისი ზომების მიღება. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ შ. კ–მა იმავე დღეს ჩაიტარა სამედიცინო შემოწმება, კერძოდ: ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით (ტომი №1; ს.ფ. 70-73) შ. კ–ის სამედიცინო ბარათი გაიხსნა 2019 წლის 20 მარტს, 22:30-23:00 საათამდე დროის მონაკვეთში.
11. ექსპერტიზის №235/05/9-4 დასკვნის თანახმად (ტომი №1; ს.ფ. 155-157), შ. კ–ს სს „სამედიცინო კორპორაცია ........“ ...........ის რეფერალური ჰოსპიტლის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი №.............-ის მიხედვით, აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა ლოყის არეში, კანქვეშა ჰემატომები თხემისა და გულმკერდის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე, ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
12. 2019 წლის 20 ივნისს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას შ. კ–მა განმარტა, რომ მ. ი–ს „შვილსაც სცემდა, მეც მცემდა“ (სასამართლო სხდომის ოქმი 20.06.2019წ. 15:25:45). მანვე განმარტა, რომ მეუღლე მას „ხელით, მუშტით“ სცემდა (სასამართლო სხდომის ოქმი 20.06.2019წ. 15:35:31). დაზარალებულმა შ. კ–მა სასამართლო პროცესზე მიუთითა, რომ მისმა მეუღლემ დაარტყა „თავზე, გვერდებზე“ (სასამართლო სხდომის ოქმი 20.06.2019წ. 15:35:45). დაზარალებულ შ. კ–ის მიერ დაკითხვისას მითითებული ინფორმაცია თანხვდენილია ექსპერტიზის №...... დასკვნით დადგენილ დაზიანებებთან.
13. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №........... დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და შ. კ–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ შ. კ–მა მეუღლის - მ. ი–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა (ტომი №2; ს.ფ. 14-20).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვან მ. მ–ს მიერ სასამართლოში საქმის განხილვისას მ. ი–ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად საქმეში მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს მ. ი–ს ბრალეულობას არასრულწლოვანი მ. მ–ს მიმართ ძალადობის ჩადენაში.
16. ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით (ტომი №1; ს.ფ. 114-116), მ. მ–ს აღენიშნებოდა მარცხენა მხრის ზედაპირული ტრამვა. კერძოდ, მართალია მ. მ–ს ვიზუალური დათვალიერებისას სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მაგრამ პაციენტს აწუხებდა ჩივილი მარცხენა ბეჭის არეში, სტკიოდა მარცხენა მხრის სახსარი მოძრაობისას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „არ არის გამორიცხული დაზარალებულს ტკივილი განეცადა, მაგრამ არ დარჩენოდა დაზიანების კვალი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება № 494აპ-17). დაზარალებულის დედის - შ. კ–ის ჩვენების თანახმად, მ. ი–მა არასრულწლოვან შვილს ხელი დაარტყა 19-20 მარტს როდესაც ეს უკანასკნელი მათ გაშველებას ცდილობდა (სასამართლო სხდომის ოქმი 2019 წლის 20 ივნისი 15:37:17).
17. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.......... დასკვნის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებითა და მარლენ მკრტიჩიანის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ. მ–ა მამინაცვლის - მ. ი–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა (ტომი №2; ს.ფ. 7-13).
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული კატეგორიის დანაშაული, მათი ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, „ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი“ (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე