საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010141320700114341
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №467აპ-20 ქ. თბილისი
ყ–ი ბ., 467აპ-20 10ნოემბერი,2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მანანა თანდაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენშიცვლილების შეტანას, კერძოდ: ბ. ყ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ყ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება; დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა; განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ბ. ყ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 1951 წლის ნიმუშის, 1963 წელს გამოშვებული N..... პისტოლეტი, აღჭურვილი სტანდარტული მჭიდითა და ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი ზემოხსენებული პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნები.
2016 წლის 27 ნოემბერს, ......ის რაიონის სოფელ ........ში, ბ. ყ–ი მართლსაწინააღმდეგოდ და დადგენილი წესის გვერდის ავლით ატარებდა ზემოაღნიშნულ „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 1951 წლის ნიმუშის, 1963 წელს გამოშვებულ N ..... პისტოლეტს მჭიდითა და ამავე პისტოლეტისთვის განკუთვნილ ვაზნებს.
ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და საბრძოლო მასალა - სამი ცალი ვაზნა 2016 წლის 1 დეკემბერს ნახეს და ამოიღეს ა. ყ–ს საცხოვრებელი სახლიდან, სადაც ბ. ყ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა.
2016 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, .........ის რაიონის სოფელ .....ში, გ. პ–ის საცხოვრებელ სახლში, ტ. და ს. პ–ებთან ურთიერთშელაპარაკებითა და ჩხუბით განაწყენებულმა, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტითა და ვაზნებით უკანონოდ შეიარაღებულმა ბ. ყ–მა გადაწყვიტა ტ. პ–ისა და ს. პ–ის განზრახ მკვლელობა. ბ. ყ–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, მრავალჯერ ისროლა ტ. პ–ის მიმართულებით, რომელმაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ასევე, განზრახ მოკვლის მიზნით, ბ. ყ–მა ესროლა ს. პ–ს. აღნიშნულის შედეგად ტ. პ–ი გარდაიცვალა, ს. პ–მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო ბ. ყ–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განაჩენით:
ბ. ყ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლსა (ტ. პ–ის განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლზე (ს. პ–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
ბ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 108-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ყ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასსასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 29 ნოემბრიდან.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, .........ის რაიონის სოფელ ....ში, გ. პ–ის საცხოვრებელ სახლში, ტ. პ–თან ურთიერთშელაპარაკებითა და ჩხუბით განაწყენებულმა ბ. ყ–მა განიზრახა ტ. პ–ის განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბ. ყ–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ ისროლა ტ. პ–ის მიმართულებით, რომელმაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც ტ. პ–ნი გარდაიცვალა.
2016 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, ......ის რაიონის სოფელ ...ში, გ. პ–ის საცხოვრებელ სახლში, ბ. ყ–მა ს. პ–ს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ბ. ყ–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 1951 წლის ნიმუშის, 1963 წელს გამოშვებული N ..... პისტოლეტი, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ასევე ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრიანი ზემოხსენებული პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნები, რაც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. 2016 წლის 27 ნოემბერს, .....ის რაიონის სოფელ ......ში, ბ. ყ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.
ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და საბრძოლო მასალა - სამი ცალი ვაზნა 2016 წლის 1 დეკემბერს ნახეს და ამოიღეს ა. ყ–ის საცხოვრებელი სახლიდან, სადაც ბ. ყ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ბ. ყ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ბ. ყ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არის დადგენილი, რომ ბ. ყ–ი ტ. და ს. პ–სათვის დაზიანების მიყენების დროს არ მოქმედებდა ერთიანი (მკვლელობის) განზრახვით, მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულ ს. პ–ის მოკვლის განზრახვა, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში მას ხელს არაფერი უშლიდა, განზრახვა სისრულეში მოეყვანა, კერძოდ:
9. თავად დაზარალებულ ს. პ–ისა და მოწმე ი. გ–ს ჩვენებებით დგინდება, რომ ტ. პ–ის მიმართ სროლების მომენტშიც კი ს. პ–ი ბ. ყ–ის წინ იდგა და ცდილობდა მისთვის იარაღის წართმევას. ბ. ყ–ი კი ტ. პ–ს ესროდა ს. პ–ის მხრის ზემოდან. უფრო მეტიც, ს. პ–ის განმარტებით დგინდება, რომ როდესაც ბ. ყ–ი ტ. პ–ს ესროდა, იხრებოდა ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ, რათა მისთვის (ს. პ–სათვის) აეცილებინა და ტყვია მოხვედროდა ტ. პ–ს. როგორც დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, ტ. პ–ის მიმართ სროლების შემდეგ ს. პ–ი ბ. ყ–ს ეჯაჯგურებოდა იარაღიან ხელზე, რაზეც ბ. ყ–მა უთხრა, რომ მისთვის თავი დაენებებინა და ჯერ სახეში გაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ ძალიან ახლო მანძილიდან (დაახლოებით ერთი მეტრიდან) მხოლოდ ერთხელ ესროლა მკლავში. ის გარემოება, რომ ს. პ–ს ცეცხლსასროლი იარაღიდან მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ისიც - მარჯვენა მხარში, დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის თანახმად, ს. პ–ს მარჯვენა მხარში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. როგორც ს. პ–ის ჩვენებიდან ირკვევა, ბ. ყ–სათვის ფიზიკურად არავის შეუშლია ხელი შემდგომაც კვლავ გაესროლა - რ. ყ–მა მხოლოდ დაუძახა ბ. ყ–ს, თუ რას შვრებოდა, რის შემდეგაც ორივენი გაიქცნენ. ამდენად, შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა, რომ ბ. ყ–ს ს. პ–ის მოკვლის განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ს. პ–ის მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ბ. ყ–ს სრული შესაძლებლობა ჰქონდა მანამდეც, სანამ ტ. პ–ის მიმართულებით სამჯერ ისროდა და ამის შემდეგაც კიდევ ესროლა ძალიან ახლო მანძილიდან ს. პ–ის მიმართულებით და დაზიანებები მიეყენებინა სხეულის ისეთ ადგილებში, რაც დაზარალებულის გარდაუვალ სიკვდილს ან სიკვდილის საფრთხის საშიშროებას შექმნიდა. მითუფრო, რომ ბ. ყ–ს იარაღში სამი ვაზნა კიდევ ჰქონდა დარჩენილი და წინააღმდეგობის გადალახვა არ სჭირდებოდა ს. პ–ის მიმართულებით განმეორებითი სროლისთვის.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №508აპ-16; 303აპ-19) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე