საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.11.2020
საქმის ნომერი
2კ-609აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.11.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #060100119003330718

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №609აპ-20 ქ. თბილისი

ც–ი ს., 609აპ-20 17 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დარიკო ვადაჭკორიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაქუმებას, ს. ც–ს დამნაშავედ ცნობას 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. ც–ს, - დაბადებულს წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ს. ც–მა 2019 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ...... რაიონის სოფელ ......ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უმოტივოდ, ხელის სახის არეში ორჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ნ. გ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ს. ც–მა 2019 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ......ის რაიონის სოფელ ......ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად იძალადა დედაზე - დ. ნ–ზე, ვინაიდან მან უარი უთხრა ფულის მიცემაზე. კერძოდ, ს. ც–მა დ. ნ–ს ზურგისა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუჭი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენით ს. ც–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 14 ნოემბრისა და 2019 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.

ს. ც–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განემარტა ს. ც–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ს. ც–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორივე ეპიზოდის ჩადენაში და მისთვის აღნიშნული მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. დაზარალებულებმა - დ. ნ–მა და ნ. გ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ს. ც–ს წინააღმდეგ.

9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ....ის რაიონის სოფელ .........., დ. ნ–ისა და ნ. გ–ს კუთვნილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სამზარეულოს ტიპის ოთახში, სადაც შევდივართ ხის ორფრთიანი კარით. სამზარეულოს ოთახში დგას შეშის ღუმელი, ორი საწოლი და ორი ხის მაგიდა. დათვალიერებისას რაიმე სახის კვალი ან ნივთმტკიცება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ნ. გ–მ სამზარეულოს ტიპის მეორე სამზარეულო ოთახის დასავლეთ მხარეს ხელით მიუთითა ფანჯრის მინასა და დასავლეთ კუთხეში გატეხილ ორ ცალ კერამიკულ თეფშზე, რაც, მისი განმარტებით, ჩაამსხვრია მისმა მეუღლემ, ს. ც–მა დედამისთან, დ. ნ–თან ფიზიკური დაპირისპირების დროს.

10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2 დეკემბრის №....... ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ს. ც–ს ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბოლატორიული სასამართლო- ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემებით აღნიშნული არ გამოიწვევდა დ. ნ–ის ტანჯვას.

11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის №........ ექსპერტიზის დასკვნით, 15.11.19წ. 23:03-23:15სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე დ. ნ–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

12. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პოზიციას განსაკუთრებულ შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის N548 გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ: „ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისა და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს“ ( II-37). ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

14. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

15. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ს. ც–ის მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა. კერძოდ, ექსპერტიზის N .... დასკვნით დასტურდება დაზიანების არსებობა დაზარალებულის სხეულზე და დაზიანების მიყენების მექანიზმი, თუმცა არ დასტურდება აღნიშნული დაზიანების მიყენება უშუალოდ ს. ც–ს მიერ; მოწმე ფ. გ–ს და გ. შ–ის ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისთვის; დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე მისი შვილის წინააღმდეგ ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

16. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე