დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010142220700114090
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №39აგ-20 29 დეკემბერი, 2020 წელი
ჭ–ი ნ., 39აგ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - გურამ ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ნ. ჭ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი. მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. 2020 წლის 12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა გურამ ოქრუაშვილმა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა და საქმის არსებითად განხილვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით პროკურორ გურამ ოქრუაშვილის შუამდგომლობა ნ. ჭ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ2007 წლის 7 დეკემბერს გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის და საქმის არსებითი განხილვის დანიშვნის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. პროკურორი გურამ ოქრუაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმებას. კასატორი საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლო ინსტანციებმა არ გაითვალისწინეს სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - უკუძალის პრინციპი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სისხლის სამართლის იმ კანონის გამოყენება, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს და თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ინსტანციებმა უგულებელყვეს რა ზემოაღნიშნული პრინციპი, ნ. ჭ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას გამოიყენეს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულაცია (სსკ-ის 42-ე მუხლი) და ჯარიმა განუსაზღვრეს განაჩენის დადგენისას მოქმედი რედაქციის შესაბამისად, რაც, თავის მხრივ, ამძიმებდა მსჯავრდებულის მდგომარეობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასადა გასაჩივრებული განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად პროკურორ გურამ ოქრუაშვილის შუამდგომლობა, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდანვე ირკვევა, რომ იმ საკითხის შესახებ, რასაც პროკურორი უფლებების არსებით დარღვევად მიიჩნევს, იმთავითვე იყო ცნობილი. მსჯავრდებულმა ნ. ჭ–მა ჯერ კიდევ 2008 წლის 22 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში დამატებით წარადგინა საკასაციო საჩივარი და მიუთითა განსახილველ გარემოებაზე. 2008 წლის 15 ივლისს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და ნ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი ცნო დაუშვებლად.
4. კასატორი - პროკურორი გურამ ოქრუაშვილი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებულ იქნა და სასამართლოს წარედგინა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა 2001 წლის იანვრის მდგომარეობით ნ. ჭ–ის თანამდებობივი სარგოს ოდენობას, რაც უდავოდ წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას.
5. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია აღნიშნული მსჯელობა, რადგან ინფორმაცია მსჯავრდებულის თანამდებობრივი სარგოს შესახებ არ წარმოადგენს გარემოებას, რომელიც საქმის წარმოებისას უცნობი იყო მხარეებისთვის, მათ შორის - თანამდებობრივი სარგოს მიმღები პირის - მსჯავრდებულ ნ. ჭ–სათვის; არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა ნ. ჭ–სგან დამოუკიდებლად არსებულ მიზეზს, რომლის გამოც შეუძლებელი იყო აღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენა უფრო ადრე - საქმის არსებითად განხილვისას.
6. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას შესაძლებლად მიიჩნევს როდესაც პროკურორის დადგენილება ეხება სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში პირის უფლების არამარტო არსებით დარღვევას, არამედ აღნიშნული დარღვევის შესახებ არ უნდა ყოფილიყო ცნობილი უფრო ადრე და ეს დარღვევა თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული წინაპირობა არ არის დაკმაყოფილებული.
7. საკასაციო სასამართლომიიჩნევს, რომ პროკურორ გურამ ოქრუაშვილის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებანი არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კუმულაციური წინაპირობებიდან არცერთი არ არის სახეზე.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ გურამ ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. არ არსებობს პროკურორ გურამ ოქრუაშვილის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების სამართლებრივისაფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციონაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - გურამ ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინება პროკურორ გურამ ოქრუაშვილის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებდარჩესუცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე