საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.12.2020
საქმის ნომერი
2კ-521აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002432182

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №521აპ-19 ქ. თბილისი

ბ–ე გ., 521აპ-19 24 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნანა ჯაყელმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, სასჯელთა სრული შეკრების პრინციპის გამოყენებით და ამასთან, წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის სრულად დამატებას, შემდეგი მოტივებით: განაჩენი როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ. ბ–მ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, კერძოდ: დაზარალებულთა ჩვენებებით დგინდება, რომ გ. ბ–ე და დაზარალებულები არიან არა ერთ ეზოში, ცალ-ცალკე მცხოვრები პირები, არამედ - ერთი ოჯახის წევრები, რომლებსაც მუდმივად, ყოველდღიურად აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი და ურთიერთობა, თუნდაც კონფლიქტური; ასევე დასტურდება სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის, დამცირებისა და დაზარალებულების ტანჯვის ფაქტი, როგორც თვითონ დაზარალებულთა ჩვენებებით, ასევე - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; ბრალდების მხარე არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გ. ბ–სათვის ერთი მუხლით წარდგენილი ბრალდების ორ სხვადასხვა მუხლზე გადაკვალიფიცირება გ. ბ–ს ინტერესებს არსებითად შელახავდა; განაჩენი ასევე უკანონოა სასჯელის ნაწილშიც, ვინაიდან გ. ბ–ს მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და მის პიროვნებას. ასევე გასათვალისწინებელია გ. ბ–ს წარსული ცხოვრება და ის ფაქტიც, რომ მის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ; დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ (სამი ეპიზოდი - 2018 წლის 19 თებერვლის, 2018 წლის 21 თებერვლისა და იმავე წლის 2 მარტის ეპიზოდები), დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 19 თებერვლის, 2018 წლის 21 თებერვლისა და 2018 წლის 2 მარტის ეპიზოდები).

გ. ბ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1999 წლიდან დაკავებამდე, გ. ბ–ე ნათესავებთან, ბიძა - ჯ. ბ–სთან, ბიცოლა - გ. ბ–ესა და ბიძაშვილებთან - ლ. და ბ. ბ–ებთან ერთად, ცხოვრობდა ქ. თ.........ში, ............ის ქ. N.. - ში მდებარე სახლში. თანაცხოვრების პერიოდში გ. ბ–ე ზემოხსენებულ პირებთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2018 წლის 21 თებერვალს, ღამის საათებში, მთვრალი გ. ბ–ე მივიდა ქ. .........ში, ..........ის ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბ. ბ–ს ხელი ჩაარტყა ზურგში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 2 მარტს, ღამის საათებში, მთვრალი გ. ბ–ე კვლავ მივიდა ლ., ბ. და გ. ბ–ების საცხოვრებელ სახლში. ამ დროს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლ. ბ–ს ხელი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ცხვირის დაზიანება.

ამასთან, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2014 წლიდან, გ. ბ–ე სისტემატურად, მათ შორის - 2017 წლის 6 დეკემბერს, 2017 წლის 21 დეკემბერს, 2018 წლის 19 თებერვალს, 2018 წლის 21 თებერვალსა და 2018 წლის 2 მარტს, ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ერთიან საოჯახო მეურნეობაში მყოფ ოჯახის წევრებს - გ. ბ–ს, ბ. ბ–სა და ლ. ბ–ს, რის გამოც ეს პირები განიცდიდნენ ტანჯვას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით გ. ბ–ს, - დაბადებულის .... წელს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

გ. ბ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა მითითება საქართველოს სსკ - ის მე-111 მუხლზე.

გ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 21 თებერვლის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 2 მარტის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 19 თებერვლის, 2018 წლის 21 თებერვლისა და 2018 წლის 2 მარტის ეპიზოდები) შეფარდებული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 მარტიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

- თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნანა ჯაყელმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, სასჯელთა სრული შეკრების პრინციპის გამოყენებით და ამასთან, წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილის სრულად დამატება.

- მსჯავრდებული გ. ბ–ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოტივაცია, რომ გ. ბ–ემ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრების მიმართ, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. ბ–ე და დაზარალებულების ოჯახი არ ცხოვრობდნენ ერთად (გ. ბ–ე და დაზარალებულები, მართალია, ცხოვრობდნენ ერთ ეზოში, თუმცა ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან იზოლირებულ, მოშორებით მდებარე სახლებში, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი სამზარეულო და აბაზანა) და, შესაბამისად, არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მხოლოდ ის გარემოება რომ საცხოვრებელი ფართი, რომელშიც გ. ბ–ე ცხოვრობდა, რეგისტრირებულია დაზარალებულთა მამის - ჯ. ბ–ის სახელზე და გ. ბ–ს წილ კომუნალურ გადასახადებსაც, მისი მატერიალური სიდუხჭირის გამო, დაზარალებულების ოჯახი იხდიდა, იმთავითვე არ გულისხმობს, რომ გ. ბ–ე და დაზარალებულების ოჯახი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი). ამასთან, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე ნამსჯელი აქვთ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკუორი არ მიუთითებს.

9. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო სასჯელის ნაწილშიც ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას გ. ბ–სათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულისთვის როგორც დანაშაულთა, ისე – განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია, შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია და დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ გ. ბ–ს ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი და აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასჯელი შეეფარდა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა ამისა, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გამოიყენა არა სასჯელთა შთანთქმის, არამედ - ნაწილობრივი შეკრების წესი და გ. ბ–სათვის ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაუმატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი