საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.12.2020
საქმის ნომერი
2კ-323აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002539450

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №323აპ-19 ქ. თბილისი

ი–ი შ., 323აპ-19 4 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენის გაუქმებასა და შ. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი არგუმენტებით: სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა გამოძიების პროცესში შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ. ი–ს ბრალი დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობასა და სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

შ. ი–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის ივნისის ბოლოს ..............ის რაიონის სოფელ ყ..............ოში, ი–ების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, შ. ი–მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ: რატომ გადიოდა სახლიდან და რატომ აპირებდა მუშაობის დაწყებას მაღაზიაში თავისი ნებართვის გარეშე, ყელის არეში ხელის ძლიერად მოჭიდებითა და ხელით თმის ძლიერად მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლე - ზ. გ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, შ. ი–ი თავის მეუღლეს - ზ. გ–ს დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიაში დაიწყებდა მუშაობას, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფით შ. ი–მა ფსიქოლოგიურად იძალადა თავის მეუღლეზე - ზ. გ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. შ. ი–ს მიერ ზ. გ–ას მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ა. ი–ა.

- 2018 წლის 27 ივნისს ...........ის რაიონის სოფელ ყ...........ოში, ი–ვების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ: რატომ გადიოდა სახლიდან და რატომ აპირებდა მუშაობის დაწყებას მეუღლის ნებართვის გარეშე, იმ მოტივით, რომ ქალს არ უნდა ემუშავა, შ. ი–ი დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - ზ. გ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით შ. ი–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ივნისის ბოლო ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (27 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა შ. ი–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

შ. ი–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სოფიკო ფცქიალაძემ. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და შ. ი–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა შ. ი–ს მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ: როგორც წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ზ. გ–მ (შ. ი–ს მეუღლემ) და მოწმე ა. ი–მ (შ. ი–ს შვილმა), რომლებიც არიან შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები, ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის, შესაბამისად - მეუღლისა და მამის, შ. ი–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც შ. ი–ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი