საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.12.2020
საქმის ნომერი
2კ-437აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002640271

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №437აპ-19 ქ. თბილისი

კ–ე გ., 437აპ-19 17 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. კ–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ: მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. კ–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, კერძოდ: გარდაცვლილ დ. კ–ის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმით, დაზარალენულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გამომძიებელ ა. ს–ისა და ექიმ ე. ფ–ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებით; ამასთან, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს მოწმე ი. კ–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, ვინაიდან მან გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა გამართლებულის სასარგებლოდ.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. კ–ს ბრალი დაედო: ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გ. კ–ის მიმართ ბარალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 5 ივნისს, საღამოს საათებში, ............ში, ხ...........ის ქუჩა, N.. კორპუსის ბინა N...-ში გ. კ–ე, ურთიერთშელაპარაკების დროს, თავის დედას - დ. კ–ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის გამო, დ. კ–მ დააპირა ოთახიდან გასვლა დახმარების სათხოვნელად. ამ დროს გ. კ–ემ ხელი ჰკრა, რის შედეგადაც იგი დაეცა იატაკზე და მიიღო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენით გ. კ–ე, - დაბადებული ........ წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

გამართლებულ გ. კ–ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გ. კ–ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ: მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: ბრალდების მხარეს გ. კ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ დ. კ–ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც, მისი გარდაცვალების გამო, გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში აღწერილი გარემოებები, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმის - ი. კ–ის (დ. კ–ის შვილი) ჩვენებას, ასევე მითითებული მოწმისავე განმარტებით, დაზარალებულს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, იგი პერიოდულად სიტუაციას არასწორად აღიქვამდა და თავბრუსხვევით გამოწვეულ დაცემას უკავშირებდა სხვადასხვა ფაქტორს, მაგალითად იყო შემთხვევა, როდესაც დავარდნის ფაქტს აბრალებდა თავის გარდაცვლილ მეუღლეს. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, დაზარალებულის ჩვენება ვერ შეფასდება სანდო და უტყუარ მტკიცებულებად. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - დაზარალებულ დ. კ–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, გამომძიებელ ა. ს–ისა და ექიმ ე. ფ–ს ჩვენებებს, ვერცერთი ამ მტკიცებულებებიდან პირდაპირ ვერ ადასტურებს გ. კ–ის ბრალეულობას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი