დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 06.06.2011
საქმის ნომერი
ას-573-541-2011
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.06.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-573-541-2011 6 ივნისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. გ-ძე (წარმომადგენლები: გ. ც-ვა, დ. შ-ძე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 6 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ. გ-ძემ მოპასუხე თ. გ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისში, გ-ის ქ.¹7ა-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის 1/4 ნაწილის გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონების მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა (ტომი I, ს.ფ. 1-12).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. გ-ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, გ-ის ქ.¹7ა-ში მე-3 სართულზე მდებარე ფართი, აღნიშნული ფართი მოსარჩელეს გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისში, გ-ის ¹7ა-ში მდებარე უძრავი ნივთზე (საერთო ფართი 261.53) შესაბამისი წილობრივი მონაცემებით რეგისტრირებულია ქ. გ-შვილის, ლ. გ-ძის, ა. კ-ვის და ნ. დ-შვილის საკუთრების უფლება _ თითოეულზე 1/4 ნაწილი; მოპასუხე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე მდებარე ბინას.

სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ ნივთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ნივთი არის სხვა პირის მფლობელობაში და მფლობელობა არამართლზომიერია. მფლობელობის მართლზომიერების, ე.ი. სამართლებრივი საფუძვლების მითითებისა და დადასტურების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება, ასეთზე კი თ. გ-ძემ ვერ მიუთითა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გამოეთხოვა მისი კუთვნილი ნივთი თ. გ-ძის უკანონო მფლობელობიდან (ტომი I, ს.ფ. 244-247).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ძემ (წარმომადგენელი დ. შ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 266-275).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინებით თ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2011 წლის 17 თებერვლის 11.00 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტი თ. გ-ძე. იგი სასამართლო სხდომაზე მიწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის «გ» პუნქტიდან გამომდინარე, რომელიც ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვისას, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვებისა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 44-46).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. გ-ძემ (წარმომადგენლები: გ. ც-ვა, დ. შ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კერძო საჩივრის თანახმად, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ აპელანტ თ. გ-ძის წარმომადგენელ გ. ც-ვას ჩაჰბარდა უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მიუხედავად ამისა, მისი და აპელანტის მეორე რწმუნებულის, დ. შ-ძის პროცესზე გამოუცხადებლობა შეუძლებელი გახდა საპატიო მიზეზით. 2011 წლის 15 თებერვალს ორივე მათგანი გაემგზავრა ბათუმში, რათა მონაწილეობა მიეღოთ საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე. თბილისში დასაბრუნებლად მათ დაჯავშნეს 2 ბილეთი შპს «...» კუთვნილ ავტობუსზე. ავტობუსი ქალაქ ბათუმიდან გადიოდა 24.00 საათზე. ამდენად, წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებოდათ 2011 წლის 17 თებერვალს გამოცხადებულიყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე. 16 თებერვალს ისინი გამოცხადდნენ ბათუმის ავტოსადგურში, რა დროსაც ზემომითითებული კომპანიის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ აღნიშნული მარშრუტი გაუქმებული იყო. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საჩივარს თან ერთვის. იმის გამო, რომ მოცემული ინფორმაციის შეტყობის დროისათვის უკვე ღამის 12 საათი იყო, მათთვის შეუძლებელი გახდა ბათუმიდან სხვა სატრანსპორტო საშუალებით თბილისში გამგზავრება. 17 თებერვლის სხდომამდე გ. ც-ვა და დ. შ-ძე შეეცადნენ მოსამართლის თანაშემწესთან დარეკვას, რათა ამ უკანასკნელისათვის ეცნობებინათ სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ, მაგრამ დარეკვა ვერ მოხერხდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლების გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევას (ტომი II, ს.ფ. 52-53).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

გასაჩივრებული განჩინებით თ. გ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელ გ. ც-ვას კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი აქტით – ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ, დასტურდება, რომ გ. ც-ვას ასევე განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ (ტომი II, ს.ფ. 33). აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მიიჩნევა სასამართლო სხდომის შესახებ მხარის ინფორმირებად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში აპელანტის წარმომადგენლების _ გ. ც-ვასა და დ. შ-ძის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2010 წლის 16 თებერვალს ისინი იმყოფებოდნენ ქ.ბათუმში, საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. წარმომადგენლებმა ამავე დღის 24:00 საათისთვის დაჯავშნეს შპს «...-ს» ავტობუსის ბილეთები, რათა შესაძლებლობა ჰქონოდათ დასწრებოდნენ 2010 წლის 17 თებერვლას 11:00 საათზე დანიშნულ სხდომას თბილისის სააპელაციო სასამართლოში. იმის გამო, რომ ავტობუსის მითითებული რეისი გაუქმდა, წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს დანიშნულ დროს სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება, ამასთან, მათ სცადეს საქმის განხილვის დაწყებამდე დაკავშირებოდნენ მოსამართლის თანაშემწეს, რათა ეცნობებინათ სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ, თუმცა აღნიშნულ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობას. კერძო საჩივარში საუბარია აღნიშნულ სხდომაზე არა აპელანტ თ. გ-ძის, არამედ მისი წარმომადგენლების გამოცხადების შეუძლებლობაზე, რაც თავისთავად არ ასაბუთებს პროცესზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობას. ამასთან, ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლეს აპელანტის წარმომადგენლებმა, არ გამორიცხავდა მათი მხრიდან თავიანთ მარწმუნებელთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა ამ უკანასკნელს მიეღო ზომები სასამართლო პროცესზე გამოცხადებისათვის და თავიდან აეცილებინა მისთვის არასასურველი პროცესუალური შედეგი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისი წარმომადგენლები 2010 წლის 16 თებერვალს მონაწილეობას იღებდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვაში. კერძო საჩივარზე დართული თბილისი-ბათუმის სამგზავრო ბილეთი მითითებულ გარემოებას არ ადასტურებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.