საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.01.2021
საქმის ნომერი
2კ-641აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003026228

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№641აპ-20 ქ. თბილისი

ა–ი ა., 641აპ-20 5 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორის - ვასილ ოსიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულმა პროკურორმა ვასილ ოსიძემ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ა. ა–ს უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და საზოგადოებრივ ინტერესს; სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა, რომ ა– ა–ი იყო საჯარო მოხელე, რომელმაც იმოქმედა საჯარო ინტერესების წინააღმდეგ და ანგარების მოტივით მიისაკუთრა მიწის ნაკვეთი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი, ხოლო, მეორე მხრივ, დააზიანა საჯარო სამართლის სფეროში დამკვიდრებული საზოგადოებრივი ურთიერთობები; ა– ა–მა სასამართლოში მხოლოდ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ აღიარა ჩადენილი დანაშაული, რაც იყო ფორმალური და ემსახურებოდა მხოლოდ მსუბუქი სასჯელის მიღების მოლოდინს; კასატორის მითითებით, მსგავსი დანაშაულების პრევენციისათვის აუცილებელია, სახელმწიფოს პოზიცია იყოს მკაცრი და არაორაზროვანი.

2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით ა– ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით ჯარიმა - 10000 ლარი და დამატებით სასჯელად - 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით ჯარიმა - 3000 ლარი და დამატებით სასჯელად - 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი და დამატებით სასჯელად - 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება,3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა– ა–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ა– ა–ი 2016 წლის მაისში მუშაობდა ...........ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად ..........ის ადმინისტრაციულ ერთეულში და იყო საჯარო მოხელე. მან განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა და ესარგებლა .............ის მუნიციპალიტეტის სოფელ ............ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2800 კვმ მიწის ნაკვეთს (ს/კ ..........), რომელზეც არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა. 2016 წლის 23 მაისს მან, როგორც ............ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა .........ის ადმინისტრაციულ ერთეულში, შეადგინა შინაარსობრივად ყალბი ცნობა N.., თითქოსდა მამამისის - ა– ა–მა კომლის მიერ მიწის რეფორმის დროს მიღებული მიწის ნაკვეთის თაობაზე და დაამოწმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, როგორც რეფორმის პერიოდში განაწილებული მიწების იდენტური.

- ა– ა–მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა და ესარგებლა ......ის მუნიციპალიტეტის სოფელ .......ში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2800 კვმ მიწის ნაკვეთით (ს/კ ........), რომელზეც არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა. 2016 წლის მაისში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ..........ის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა განცხადება და თანდართული დოკუმენტები, მათ შორის - მის მიერ 2016 წლის 23 მაისს გაცემული შინაარსობრივად ყალბი ცნობა N.., მის მიერვე დამოწმებული, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აზომვითი ნახაზი და მოითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა მისი მოთხოვნა და 2016 წლის 25 მაისს ა– ა–ს და მის კომლს საკუთრებაში დაურეგისტრირა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. ა– ა–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა 5600 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, მიისწრაფის, აანაზღაუროს ზიანი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა– ა–ს კანონიერი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის გამკაცრება მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარება ან/და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურორის ვასილ ოსიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი