დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 25.06.2010
საქმის ნომერი
ას-605-567-2010
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-605-567-2010 25 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ს-აია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. პ-იას რწმუნებულმა მ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. ს-აიას მიმართ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალდებულების მოთხოვნით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 6 ივლისის განჩინებით ლ.პ-იას წარმომადგენელ მ.მ-ძის სარჩელი ფ. ს-აიას მიმართ ქ.ზუგდიდში, ... ქ¹40/2-ში მდებარე ბინა ¹13-ის ლ.პ-იასათვის სავალდებულო მიყიდვის ოფიციალური გაფორმების შესახებ შეწყდა მოსარჩელის რწმუნებულის უფლებამოსილების გაუქმების გამო. სასამართლოს არნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 იანვრის განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 1 მაისის განჩინებებით მ.მ-ძის კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების გამო.

მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნულ საქმეზე წარმოების განახლება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით ლ.პ-იას რწმუნებულ მ.მ-ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით მ.მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა მ.მ-ძემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საჩივრის გადაცემიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ განჩინებაზე დაიშვება თუ არა საჩივრის შეტანა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნული ნორმა იმპერატიულ ნორმათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ადგენს, რომ ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებლობა მხარეებს აღარ ანიჭებს.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის საფუძველზე, მიღების დღიდანვე შევიდა კანონიერ ზალაში, ვინაიდან მოცემულ საკითხზე წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. მ-ძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 419-ე, 185-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.