საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.01.2021
საქმის ნომერი
2კ-622აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002661564

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№622აპ-20 ქ. თბილისი

შ–ი ი., 622აპ-20 8 იანვარი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო; საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. შ–ს ბრალეულობას; მოწმეებმა - ბ. ა–მა და ე. ბ–მ დაადასტურეს, რომ მათთვის დაზარალებულისგან გახდა ცნობილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ; სამედიცინო ექსპერტიზითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ გ. ო–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები; ვიზუალური დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ დაზარალებულის განმარტებით, დაზიანებები მას ი. შ–მა მიაყენა; სასამართლოს შეეძლო, განაჩენისათვის საფუძვლად დაედო საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი, როგორც დამოუკიდებელი მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. შ–ს ბრალად დაედო ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ..........ის რაიონის სოფელ ........ში, ი. შ–ს მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას ი. შ–მა იძალადა მეუღლეზე - ჟ. შ–ზე, არაერთხელ დაარტყა მუშტი მარცხენა თვალბუდისა და ცხვირის არეში, თავი მიარტყმევინა კარადაზე და ფეხი ჩაარტყა მუცლისა და მარჯვენა კოჭის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ი. შ–ს მიერ მეუღლზე ძალადობას შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - მ. შ–ა.

3. ი. შ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ი. შ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა ი. შ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან მოწმეების - ბ. ა–ის, ე. ბ–ისა და გ. ო–ის ჩვენებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არის ირიბი; დაზარალებულმა ჟ. შ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე ჟ. შ–სგან გამოძიებაში მიღებული ინფორმაციის შესამოწმებლად, რომელმაც მოგვიანებით ისარგებლა კანონით მინიჭებული პრივილეგიით და არ მისცა ჩვენება სასამართლოს. საგამოძიებო ექსპერიმენტით შემოწმდა მხოლოდ გამოძიებაში მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და სხვა სახის დამატებითი მტკიცებულება არ მოპოვებულა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულეების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. შ–ს ბრალეულობას.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი