საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117001910382
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №227აპ-19 ქ. თბილისი
ა–ა ნ., 227აპ-19 11 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
პროკურორი ილია ტორუა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ა–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 18 მაისს, ქ. ...........ში, მ. ჯ–სა და ნ. ა–ს შორის დაიდო თანხის გადაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ნ. კ–მ მ. ჯ–ს გადასცა 4000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი 5000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა 2007 წლის ნოემბრის თვეში, რის შემდეგაც მ. ჯ–ს ნ. ა–სთვის უნდა დაერეგისტრირებინა ქ. ..........ში, ჩ.........ის ქუჩა N..-ში მდებარე ბინა N...
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მ. ჯ–სა და ნ. ა–ს შორის 2006 წლის 18 მაისს დადებული ხელშეკრულება, მ. ჯ–ს ნ. ა–ს სასარგებლოდ დაეკისრა 6798 ლარის გადახდა, ხოლო მ. ჯ–ს მიერ აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში ქ. ..........ში, ჩ.........ის ქუჩა N..-ში მდებარე ბინა N.. გამოთხოვილ იქნა ნ. ა–ს მფლობელობიდან.
მიუხედავად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ნ. კ–მ, იმ მიზნით, რომ თავის საკუთრებაში დაერეგისტრირებინა ქ. ............ში, ჩ.........ის ქუჩა N..-ში მდებარე მ. ჯ–ს სარგებლობაში არსებული ბინა N29, დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - 2012 წლის 29 ივნისით დათარიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი N., რომელშიც მიუთითა, რომ ქ. ...........ში, ჩ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე მრავალბინიან სახლში თითქოსდა შედგა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "............"-ს კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ამხანაგობის წევრები და განიხილებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ".............."-ს საერთო საკუთრებაში არსებული 69.7 კვ.მ დამხმარე ფართის ნ. ა–სთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის საკითხი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი N.-ის მიხედვით თითქოსდა კენჭისყრაში მონაწილე პირების მიერ ერთხმად მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება. 2012 წლის 6 ივლისს ნ. კ–მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინა ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი N1, რის საფუძველზეც მოითხოვა ქ............ში, ჩ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე ბინა N..-ზე ქონებრივი უფლების დარეგისტრირება. ვინაიდან ნ. ა–ს მიერ წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი N.. შედგენილი იყო კანონმდებლობის დარღვევით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და ნ. ა–ს დაევალა წარმოედგინა კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი.
აღნიშნულის შემდეგ, 2012 წლის 22 ივლისს ნ. კ–მ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი N.., რომელშიც მიუთითა, რომ 2012 წლის 22 ივლისს ქ. ..........ში, ჩ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე მრავალბინიან სახლში თითქოსდა შედგა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "........."-ს კრება, რომელსაც ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი და განიხილებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "..............."-ს საერთო საკუთრებაში არსებული სამეურნეო სათავსის ნ. ა–სთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის საკითხი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი N..-ის მიხედვით თითქოსდა კენჭისყრაში მონაწილე პირების მიერ ერთხმად მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება. 2012 წლის 26 ივლისს ნ. კ–მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა აღნიშნული შინაარსით ყალბი დოკუმენტი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი N.. და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება ქ. ...........ში, ჩ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე ბინა N..-ზე, რის შედეგადაც მ. ჯ–ს მიადგა 20000 აშშ დოლარის ქონებრივი ზიანი.
ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, 2015 წლის 31 აგვისტოს ნ. კ–მ 20000 აშშ დოლარის საფასურად გაასხვისა ქ. .............ში, ჩ.......ის ქუჩა N..-ში მდებარე ბინა N.. ს. დ–ზე.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით:
ნ. ა–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელ ნაწილსა და 362-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ნ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (პირველი ქმედება), ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და განსაზღვრული სასჯელისაგან, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (მეორე ქმედება), ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და განსაზღვრული სასჯელისაგან.
გაუქმდა ნ. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. უნდა გაუქმდეს ნ. ა–ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის (№...........) განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ლ. შ–ს (პირადი №..........) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მისამართი - ქ. ........, ი. მ.........ს ქ. №.., სხვენი, ფართი - 63,10 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...........) ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. კასატორი - ბრალდების მხარე სადავოდ ხდის ნ. ა–ს ქმედების სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რამაც ნ. ა–ს ქმედების გადაკვალიფიცირება გამოიწვია, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე