განჩინება შეიცვალა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141221004276683
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №82I -21 თბილისი
პ–ი დ., 82I -21 25 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. პ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით დ. პ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. დ. პ–ს სასჯელი აეთვალა 2014 წლის 10 ოქტომბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ დ. პ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ზემოაღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ დ. პ–ს მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით - 2 წლით, 6 თვითა და 7 დღით.
5. 2021 წლის 19 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. პ–ს პირადი საქმე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. პ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. პ–მა, რომელიც ითხოვს განჩინების შეცვლასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ მსჯავრდებულ დ. პ–ს მიმართ არ გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაციის - სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ამჟამად მოქმედ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანამდე, ვინაიდან პრობაციის სამსახურიდან სასამართლოში გადაგზავნილ პირად საქმეში არ მოიპოვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენები, რომლებითაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენი.
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს და დ. პ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი უნდა აღსრულდეს.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: დ. პ–ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, დ. პ–ი, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი შინაპატიმრობისაგან.
6. საკასაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: მსჯავრდებულ დ. პ–ზე, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე არ გათავისუფლებულა სასჯელისაგან, არამედ გაუნახევრდა შეფარდებული სასჯელი, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები არ აღუდგება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვეთილია საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. პ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება გაუქმდეს;
3. დ. პ–ს გაუნახევრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 წლითა და 6 თვით;
4. დ. პ–ი გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი შინაპატიმრობისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი