ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020142219700078240
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №15აგ-19 თბილისი
ხ–ე ლ., 15აგ-19 3 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ხ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ლ. ხ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის დაუნიშნავად.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წამომადგენლობის უფლებები.
2. 2019 წლის 22 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ლ. ხ–ემ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვასთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2019 წლის 25 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ხ–ს შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ხ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის მოქმედება გავრცელდა ლ. ხ–ს მიმართ, კერძოდ: მსჯავრდებულ ლ. ხ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ხ–ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილება ამ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამასთან, მართალია, ლ. ხ–ს მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონისა და საკონსტიტუციო სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილების მიხედვით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, მაგრამ საკასაციო სასამართლო ერთობლივად ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონს, რომლის შეღავათებიც უნდა გავრცელდეს ლ. ხ–ს მიმართ და ასევე, იმ გარემოებასაც, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპი უკვე გადალახულია, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილოს დასაშვებობის შემოწმების გარეშე.
4. განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ლ. ხ–ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება - 7,97 გრამი „მარიხუანის“ უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის დაუნიშნავად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენით ლ. ხ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, სასჯელის დაუნიშნავად.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი−მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
6. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ლ. ხ–ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო სასჯელისგან ვერ გათავისუფლდება, რადგან იგი მითითებული მუხლით ცნობილ იქნა დამნაშავედ სასჯელის დაუნიშნავად.
7. გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ლ. ხ–ეს, ამ კანონით დადგენილი წესით ავტომატურად უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ლ. ხ–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან;
4. ლ. ხ–ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი