დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 20.09.2010
საქმის ნომერი
ა-1107-შ-23-2010
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
20.09.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-1107-შ-23-2010 20 სექტემებერი, 2010 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ მ. ა-ჰი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ანი

დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ სომხეთის რესპუბლიკის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის დადგენილება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის ავანისა და ნორკ-ნორკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის დადგენილებით ა. ბ-ანის შუამდგომლობა ავტომანქანა “მიცუბიშ მონტეროს” ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული დადგენილება ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ა-ჰმა, წარმოადგინა სომხეთის რესპუბლიკის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმის _ ა. ბ-ანის სარჩელის გამო მ. ა-ჰის მიმართ ალიმენტისა და ერთობლივი ცოლქმრული ცხოვრებისას შეძენილი ქონების გაყოფის შესახებ წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ასევე წარმოადგინა ამავე სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის დადგენილება, რომლითაც შუამდგომლობის ავტორის განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ ეთქვა უარი და იშუამდგომლა დასახელებული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით მ. ა-ჰის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ. ა-ჰის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ სომხეთის რესპუბლიკის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის დადგენილებით მ. ა-ჰის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ა.ბ-ანის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან ერთად გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც. მ. ა-ჰმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, შესაბამისად, მის კუთვნილ ავტომობილზე ყადაღის მოხსნა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, ასევე დასტურდება, რომ ა. ბ-ანი სათანადოდ იყო ინფორმირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესაებ მ. ა-ჰის განცხადების განხილვის თაობაზე.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის დადგენილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ა-ჰის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის დადგენილება, რომლითაც გაუქმებულად ჩაითვალა ყადაღა მ. ა-ჰის კუთვნილ “მიცუბიშ მონტეროს” მარკის ავტომობილზე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.