საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.09.2020
საქმის ნომერი
2კ-378აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №378აპ-20 ქ. თბილისი

დ-ი გ-ი, 378აპ-20 10 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურორის მოადგილის – გოჩა ქორაიასა და მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით გ. დ-ის, – დაბადებულის 19-- წელს, – ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლსა (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. გ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 14 დეკემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ გ. დ-მა ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 00:00 საათიდან 00:08 საათამდე დროის შუალედში, თ-ში, ე. ტ-ის ქ. №---ში მდებარე კარაოკე კლუბ „ქ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. დ-მა ურთიერთდაპირისპირების დროს თანნაქონი დანით თ. ღ-ასა და გ. თ-ას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო გ. კ-ას – მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი გოჩა ქორაია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: თავად გ. დ-ის ჩვენება, დაზარალებულების – თ. ღ-ას, გ. თ-ას, გ. კ-ასა და დ. ღ-ას, მოწმეების – ნ. ხ-ის, ე. ც-ის, შ. ჩ-ის, რ. ა-ის, გ. ქ-ის, მ. ნ-ის, ა. ღ-ას, შ. თ-ას, შ. კ-ის, ლ. მ-სა და სხვათა ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 18 ივნისის №--, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2019 წლის 6 ივნისის №--, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 19 იანვრის №--, 2019 წლის 29 იანვრის №--, 2019 წლის 1 მარტის №-- დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმები – გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს გ. დ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის აზრით, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გ. დ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ საფუძველსაა მოკლებული.

9. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც გ. დ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებით, ასევე – დაზარალებულებისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, ხარისხისა და ლოკაციის გათვალისწინებით, უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა დაზარალებულების მოკვლის განზრახვა, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში მას ხელს არაფერი უშლიდა, განზრახვა სისრულეში მოეყვანა.

10. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Van de Hurk v. Netherlands), 1991 წლის 19 აპრილი, 61 პარ.).

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურორის მოადგილის – გოჩა ქორაიასა და მსჯავრდებულ გ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე