საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.10.2020
საქმის ნომერი
2კ-397აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№397აპ-20 ქ. თბილისი

ს-ე მ-ა, 397აპ-20 13 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენით მ. ს-ის, – დაბადებულის 19-- წელს, ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19,200 მუხლის მე-3 ნაწილზე და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 9 ოქტომბრიდან.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ მ. ს-ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის მცდელობა. მ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ. ს-ე შეეცადა, გ-ის რაიონის სოფელ მ-ის ტერიტორიაზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართულ პირებზე, 345 172 დოლარის გადახდის პირობით, გაესაღებინა 1 073 750 ლარად ღირებული 859 ყუთი (429 500 კოლოფი) „president slims super lights-ის“ მარკის უაქციზო სიგარეტი.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი დ. ხ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენის გაუქმებასა და მ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივებით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმავე მოტივებზე, რასთან დაკავშირებითაც მხარემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ამომწურავი პასუხები გასცა საჩივარს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება.

7. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულის პროვოცირება არ მომხდარა. ამ თემაზე დეტალურად იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და არ მიიჩნევს საჭიროდ ამ საკითხზე დამატებით მსჯელობას.

8. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Van de Hurk v. Netherlands), 1991 წლის 19 აპრილი, 61 პარ.).

9. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ იკვეთება და რადგან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

გ. შავლიაშვილი