საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №426აპ-20 თბილისი
ლ-ე გ-ი, 426აპ-20 5 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების - გ. და გ. ლ-ეებისა და მათი ადვოკატის - ე. ტ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
· გ. ლ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში) და დაეკისრა ჯარიმა: 2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდში - 3000 ლარი, ხოლო 2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდში - 5000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ლ-ეს განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი;
· გ. ლ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში) და დაეკისრა ჯარიმა: 2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდში - 2000 ლარი, ხოლო 2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდში - 3000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ლ-ეს განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
2. განაჩენის მიხედვით:
ü გ. ლ-ეს მსჯავრი დაედო სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, არაერთგზის (ორი ეპიზოდი);
ü გ. ლ-ეს მსჯავრი დაედო ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად (ორი ეპიზოდი).
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ზ-ში, კ-ის დასახლებაში, კ-ის ქუჩის №- მდებარე გ. ბ-სა და გ. ლ-ის თანასაკუთრებაში არსებულ სარიტუალო დარბაზ „ვ-ში“ მეუღლე შ. ფ-ესა და შვილ გ. ბ-თან ერთად მისულ გ. ბ-ს დახვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებული გ. ლ-ე, მისი მეუღლე - ნ. ლ-ე და შვილი - გ. ლ-ე. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით მათ შორის დაწყებული კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც გ. ბ-ს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ერთობლივად სცემეს გ. და გ. ლ-ეებმა. ცემის შედეგად გ. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o 2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ზ-ში, კ-ის დასახლებაში, კ-ის ქუჩის №- მდებარე გ. ბ-ისა და გ. ლ-ის თანასაკუთრებაში არსებულ სარიტუალო დარბაზ „ვ-ში“ მისულ გ. ბ-ს დახვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებული გ. ლ-ე და მისი შვილი - გ. ლ-ე. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით მათ შორის დაწყებული კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც გ. ბ-ს მარჯვენა თვალბუდის არეში მუშტი დაარტყა გ. ლ-ემ, ხოლო შუბლისა და მარცხენა წარბის არეში - მუშტი დაარტყა გ. ლ-ემ, რის გამოც იგი წაიქცა. ცემის შედეგად გ. ბ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - გ. და გ. ლ-ეებმა და მათმა ადვოკატმა ე. ტ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - გ. და გ. ლ-ეებმა და მათმა ადვოკატმა ე. ტ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც გ. ლ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორ ეპიზოდში), ხოლო გ. ლ-ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში). ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - გ. და გ. ლ-ეებისა და მათი ადვოკატის - ე. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე