საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №441აპ-19 თბილისი
გ-ი ნ., 441აპ-19 26 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირაკლი მირცხულავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
ü ნ. გ-ს ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ე.ი. მოხელესთან გათანაბრებული პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
ü ი. ი-ს ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დახმარებაში, ე.ი. მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დახმარებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 1986 წლიდან 2014 წლის 17 მაისამდე პერიოდში ნ. გ-ი იკავებდა ნოტარიუსის თანამდებობას. იგი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებდა სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, მათ შორის ახდენდა პირთა შორის სამართლებრივი ურთიერთობების დადასტურებას და ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად;
o ნ. გ-მა ი. ი-ის დახმარებით უგულებელყო „ნოტარიუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და მისთვის დაკისრებული ვალდებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილება გარიგების დადასტურებისას გამოიყენა ბოროტად, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, კერძოდ: 2013 წლის გაზაფხულზე ნოტარიუსი ნ. გ-ი პირადი ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების მიზნით, აპირებდა დაახლოებით 200000 აშშ დოლარის სესხებას. ამ მიზნით იგი დაუკავშირდა „ ფ. გ-ის “ წარმომადგენლებს. მათთან მოლაპარაკებებისას შეიტყო, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს - შ. შ. რ-ს, შესაბამისი უძრავი ქონების გარანტიით, შეეძლო სესხის სახით დაახლოებით 3000000 აშშ დოლარის გაცემა. იმის გამო, რომ ნ. გ-ს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ფულადი თანხა, დაუკავშირდა თავის ნაცნობ ი. ი-ს, რომელსაც ასევე სურდა გარკვეული თანხის სესხის სახით აღება და შეუთანხმდა, დამატებით მოეძიებინათ ისეთი პირები, რომელთაც უნდოდათ ქონების იპოთეკით დატვირთვა, რათა ნ. გ-ს მათთან ერთად შ. შ. რ-ისაგან აეღო სესხი და დაეფარა პირადი საბანკო ვალდებულებები;
o შეთანხმებისამებრ, ი. ი-მა მოიძია შემდეგი პირები: ი.ბ.ა „ლ-ა“ და მისი თავმჯდომარე გ. მ-ე, ნ. ჩ-ე, ჯ. ტ-ი, გ. კ-ე, რ. კ-ე და ნ. ზ-ი (რომლის ქონებაც ფორმალურად გაფორმებული იყო ლ. რ-ზე). ამ პირთაგან ქონების იპოთეკით დატვირთვა და შესაბამისი სესხის აღება სურდათ მხოლოდ გ. მ-ესა და ნ. ჩ-ეს, ხოლო დანარჩენები აპირებდნენ ქონების რეალიზაციას, რის თაობაზეც წინასწარ სრულად იყო ინფორმირებული ნ. გ-ი და ი. ი-ი;
o მოძიებული უძრავი ქონებები დატვირთული იყო იპოთეკით სხვადასხვა ორგანიზაციისა და ფიზიკური პირების სასარგებლოდ. აღნიშნული პირების შეკრების შემდგომ ნ. გ-მა, როგორც სესხის მიღებით დაინტერესებულმა ერთ-ერთმა პირმა, ყველა უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა შ. შ. რ-ს და მოლაპარაკება წამართა როგორც მესაკუთრეთა წარმომადგენელმა. შ. შ. რ-მა შეაფასა წარდგენილი ქონებები, რის შემდგომაც შეთანხმდნენ, გარანტიის საგნებზე გაფორმებულიყო ერთთვიანი ნასყიდობის ხელშეკრულება უკან გამოსყიდვის უფლებით, რის სანაცვლოდაც, სარგებლის გარეშე გასცემდა დაპირებულ ფულად თანხას, რომლის ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში ქონებები გადადიოდა შ. შ. რ-ის საკუთრებაში და პირვანდელ მესაკუთრეებს არ ექნებოდათ რაიმე ფორმით მათი უკან დაბრუნების შესაძლებლობა;
o ნ. გ-მა ქონებათა მესაკუთრეებთან შეუთანხმებლად შ. შ. რ-ს განუცხადა თანხმობა და შემძენთან შეთანხმებისამებრ, 2013 წლის 14 ივნისს თავის სანოტარო ბიუროში (მდებარე: თ-ი, მ. კ-ას ქ. №--ში) ი.ბ.ა „ლ-ას“, ნ. ჩ-ის, ჯ. ტ-ას, გ. კ-ის, რ. კ-ისა და ნ. ზ-ის ქონებებზე შეადგინა ერთიანი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №--. ყველა მესაკუთრის ქონების როგორც სარეალიზაციო, ისე გამოსასყიდ ფასად განისაზღვრა 2911000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, მისი მეუღლის - დ. მ-ის ქონებაზეც გაფორმდა (ნოტარიუსი ქ. ძ-ი) იმავე შინაარსის ხელშეკრულება, რომელსაც გამყიდველის მხრიდან ხელი მოაწერა მისმა შვილმა - უ. მ-ემ. ქონების ღირებულებად განისაზღვრა 160000 აშშ დოლარი;
o ნ. გ-მა სანოტარო მოქმედების შესრულებისას სრულად უგულებელყო მასზე, როგორც ნოტარიუსზე, კანონით დადგენილი ვალდებულებები, კერძოდ, მან, როგორც შუამავალმა, იკისრა ყოველგვარი მოლაპარაკების წარმართვა შემძენთან და არ ასახა ხელშეკრულების მხარეთა ნება სანოტარო აქტში, არ განუმარტა მათი უფლებები და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები. პირიქით, იმის გამო, რომ მესაკუთრეებს არ ჰქონოდათ შეხება მიმდინარე პროცესებთან, ი. ი-ის დახმარებით გააფორმებინა მინდობილობები, ამ უკანასკნელის მიერ მიყვანილ, სრულიად უცხო პირზე და დაუმალა გარიგების ნამდვილი პირობები;
o ნ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ერთიანი ხელშეკრულებითა და ერთიანი ფასით გაიყიდა ქონებები, რომელთა მესაკუთრეთა ნაწილსაც სურდა მხოლოდ იპოთეკური სესხის აღება, ნაწილს კი - რეალიზაცია. ხელშეკრულებაში არ ყოფილა გამიჯნული თითოეული მესაკუთრის მიერ ქონების გამოსასყიდად გადასახდელი ინდივიდუალური თანხა, რითაც ი.ბ.ა „ლ-სა“ და ნ. ჩ-ეს მოუსპო ქონების უკან დაბრუნების შესაძლებლობა;
o ამავე დროს, ნ. გ-მა შემძენისაგან პირადად ხელზე წამოიღო მისთვის და ხელშეკრულების სხვა მონაწილეთათვის განკუთვნილი თანხის ნაწილი, რომელიც გაანაწილა ი. ი-თან ერთად. ხელშეკრულების დადებისას ნოტარიუსმა ნ. გ-მა მესაკუთრეთა პოზიციის შესახებ არ მიაწოდა ინფორმაცია თანხის გამცემს - შ. შ. რ-ს, რომლის შეძენილ ქონებასაც დღეის მდგომარეობით ყადაღა ადევს და მიმდინარეობს სამართლებრივი დავა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენით:
· ნ. გ-ი, - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· ი. ი-ი, - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
· მათვე განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ირაკლი მირცხულავამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ნ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით; ი. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მათთვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ირაკლი მირცხულავამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ნ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით; ი. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მათთვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ნ. გ-ისა და ი. ი-ის ბრალეულობას მათთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირაკლი მირცხულავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
გ. შავლიაშვილი