საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №603აპ-20 ქ. თბილისი
ფ-ე კ-რ, 603აპ-20 9 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ფ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენით კ. ფ-ე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 26 თებერვლიდან; მასვე 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ფ-ემ ჩაიდინა მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, დიდი ოდენობით.
3. კ. ფ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 29 აგვისტოს ქ. თ-ში, --- მიკრორაიონებს შორის მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. ფ-ემ 10 დღით იქირავა მ. კ-ის კუთვნილი, 26000 ლარად ღირებული „ტოიოტა ქამრის“ მოდელის ავტომანქანა, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. კ. ფ-ის ქმედებით მ. კ-ს მიადგა 26000 ლარის – დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა. მსჯავრდებული კ. ფ-ე საკასაციო საჩივრით აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება მისი ბრალეულობის დასადასტურებლად და ითხოვს საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. ქ-ა – გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და კ. ფ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა კ. ფ-ის ბრალეულობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ მ. კ-ის, მოწმეების – ა. მ-ის, გ. კ-სა და სხვათა ჩვენებებით, 2018 წლის 29 აგვისტოს ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კ. ფ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
9. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ფ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი