საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№119აპ-19 ქ. თბილისი
ლ-ე ბ, 119აპ-19 4 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სანდოძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ბ. ლ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ. ლ-ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
4. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· ქ. ა-ში, -ას ქ. №-ში მცხოვრები ბ. ლ-ე წარსულში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს – თ. თ-ეს და შვილს – ა. ლ-ეს. 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 00:40 საათზე, სახლში დაგვიანებით დაბრუნების გამო, შვილს – ა, ლ-ეს დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მოსთხოვა შვილის კუთვნილი ავტომანქანის გასაღები, რაზეც ა. ლ-ემ განუცხადა უარი. აღნიშნულის გამო განაწყენებულმა ბ. ლ-ემ შვილს – ა. ლ-ეს ხელის სახის არეში დარტყმითა და ყელში ხელის მოჭერით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფაქტის შემსწრე ა. ლ-ის დედა – თ. თ-ე შეეცადა, არ მიეცა ბ. ლ-ისათვის შვილზე ფიზიკური ძალადობის გაგრძელების საშუალება, რა დროსაც ბ. ლ-ემ მეუღლეს – თ. თ-ეს ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი და წააქცია. დარტყმის შედეგად თ. თ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ლ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ლ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულებმა – ა. ლ-ემ (ბრალდებულის შვილმა) და თ. თ-ემ (ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ), ასევე მოწმეებმა – გ. ლ-ემ (ბრალდებულის შვილმა) და ნ. ბ-მა (ბრალდებულის მეუღლემ, რომელთანაც ბ. ლ-ის ქორწინება რეგისტრირებულია 2018 წლის 19 აპრილს) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ა. ლ-ესა და თ. თ-ეს „სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებათ“. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნები არ შეიცავს ინფორმაციას ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულებზე შესაძლო ძალადობის შესახებ. რაც შეეხება ბრალდების მხარის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს (მათ შორის – მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც არ არიან მომხდარი ფაქტების თვითმხილველები), ისინი ირიბია და უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ბ. ლ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არც გამოძიების პროცესში და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს; მტკიცებულების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სანდოძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი