საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.03.2021
საქმის ნომერი
2კ-304აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№304აპ-19 ქ. თბილისი

ი-ი ა-დ, 304აპ-19 26 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ა. ი-ი, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 20 მაისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ ა. ი-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· მეუღლის – ს. ა-ას მიმართ ჩადენილი ძალადობისათვის ნასამართლევი ა. ი-ი 2018 წლის 15 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე, მივიდა გ-ის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე მეუღლის – ს. ა-ას საცხოვრებელ სახლთან, დაუყვირა, ხელი დაარტყა სახლის ფანჯრის მინას და ყოფილ მეუღლეს დაემუქრა, რომ მაინც მოკლავდა. აღნიშნული ქმედებით ს. ა-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ა. ი-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან მსჯავრდებულ ა. ი-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უტყუარადაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ს. ა-ასა და მოწმე გ. ა-ას ჩვენებებით, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ა. ი-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ს. ა-ას, რომელმაც პოლიციას სთხოვა დახმარება. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან არ ვლინდება დაზარალებულის მხრიდან მსჯავრდებულზე შურისძიების ფაქტი, რაზეც აპელირებს კასატორი.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი