დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.07.2011
საქმის ნომერი
ას-1008-1039-2011
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1008-1039-2011 29 ივლისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა.ა-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.კ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.კ-ის სარჩელი მოპასუხე ა.ა-ას მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ა.ა-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოძრავი ნივთები (ტომი I, ს.ფ. 73-78).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ა-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (ტომი I, ს.ფ. 82-90).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინებით ა.ა-ას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, ამავე კოდექსის 229-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გააწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უცნობი იყო აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზი, ამავე დროს მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იყო, რომ სააპელაციო საჩივარი დარჩენილიყო განუხილველად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს (ტომი II, ს.ფ. 25-27).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა.ა-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზი იყო საპატიო, კერძოდ, აპელანტი პროცესის დანიშვნის დროს იმყოფებოდა საბერძნეთში, მასთან სატელეფონო კავშირი რთულად ხერხდებოდა. იმ დროს, როდესაც წარმომადგენელმა შეძლო აპელანტი გაეფრთხილებინა პროცესის დანიშვნის შესახებ, ეს უკანასკნელი უკვე ვეღარ ასწრებდა საქართველოში ჩამოსვლას სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. ამ მიზეზით ვერ გამოცხადდა აპელანტი სასამართლო სხდომაზე.

რაც შეეხებოდა უშუალოდ წარმომადგენელს, მას შეემთხვა ინციდენტი, კერძოდ, სახლიდან გასვლისას ნატკენი ფეხი გადაუბრუნდა, რის შედეგადაც შეეზღუდა გადაადგილების შესაძლებლობა. ამასთან, იგი სახლში იმყოფებოდა მარტო, მობილურ ტელეფონს გარკვეული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და მისი მეშვეობით დაკავშირებას ვერ ახერხებდა, ხოლო სახლის ტელეფონი დავალიანების გამო გამორთული იყო. ამიტომ, აპელანტის წარმომადგენელმა ვერ შეძლო დაკავშირებოდა თუნდაც მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატს, რათა შეეტყობინებინა ყოველივე აღნიშნული. სასამართლო სხდომის მიმართ აპელანტ მხარეს გააჩნია ინტერესი, ამ ინტერესის გამო შეიტანეს მათ სააპელაციო საჩივარი და შეავსეს საჩივარზე დადგენილი ხარვეზი (ტომი 2, ს.ფ. 31-32).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 მაისის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 მაისის მთავარ სხდომაზე. აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მიიჩნევა ასევე სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტის ინფორმირებად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 მაისის სხდომაზე როგორც აპელანტის, ასევე მისი წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, კერძოდ, აპელანტი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ვერ მოასწრო პროცესზე ჩამოსვლა, ხოლო აპელანტის წარმომადგენელმა ავადმყოფობის (ფეხის დაზიანების) გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და ვერც სასამართლოს აცნობა აღნიშნულის შესახებ, ვინაიდან მის ტელეფონს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია ამ გარემოებათა დასასაბუთებლად. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც თან ერთვის კერძო საჩივარს, არის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც, მართალია, მითითებულია, რომ აპელანტის წარმომადგენელს მოტეხილი აქვს ფეხი, მაგრამ დასახელებული ცნობა შეიცავს ინფორმაციას წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არა გასაჩივრებული განჩინების გამოტანის მომენტისათვის (2011 წლის 3 მაისი), არამედ 2010 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით (ტომი 2, ს.ფ. 33). ამდენად, მითითებული ჯანმრთელობის ცნობით არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობა და, შესაბამისად, არ არსებობს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ა-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.