საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.02.2021
საქმის ნომერი
2კ-665აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100119003266726

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №665აპ-20 ქ. თბილისი

ქ–ი გ., 665აპ-20 18 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დამატებითი სასჯელის სახით ნავის (ორი ნიჩბით) ჩამორთმევის ამორიცხვას.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით გ. ქ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ქონების - ნავისა (ორი ნიჩბით) და სახლართი ბადის ჩამორთმევა.

გაუქმდა გ. ქ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს თანხა 1000 - ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს - გ. ქ–ს.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ქ–მა აკრძალულ დროს, კერძოდ, 2018 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, აკრძალული იარაღით, კერძოდ, სახლართი ბადის გამოყენებით აწარმოა თევზჭერა ...........ოს რაიონის სოფელ ტ..........ში არსებულ ...........ს წყალსაცავში.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ქ–მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში, დამატებითი სასჯელის დანიშვნის ნაწილში, ცვლილების შეტანასა და მისთვის ჩამორთმეული ნავის (ორი ნიჩბით) უკან დაბრუნებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ გამოვლინდა გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო სასამართლოს მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დამატებითი სასჯელის სახით მსჯავრდებულ გ. ქ–სათვის ჩამორთმეული ნავის (ორი ნიჩბით) უკან დაბრუნების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია იმავე მოტივებით, რითაც მხარემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხი საჩივარს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და დამატებით მიუთითებს, რომ სახეზეა საქმეზე წარმოდგენილი ნავისა და ნიჩბების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის ყველა აუცილებელი პირობა და სამართლებრივი საფუძველი.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე