საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№402აპ-19 ქ. თბილისი
ს-ი ჯ-ლ, 402აპ-19 1 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით ჯ. ს-ი, –– ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 28 სექტემბრისა და იმავე წლის 30 სექტემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებული დაუყოვნებლივ გთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე განემარტა, რომ, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ. ს-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი).
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 28 სექტემბერს ქ. თ-ში, ს-ს ქ. №--ში მდებარე იუსტიციის სახლში, ჯ. ს-ი მეუღლეს – თ. ს-ს და მის შვილს – ლ. ხ-ს დაემუქრა მოკვლით და შვილების ამოწყვეტით, რაც დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად, შეეშინდათ და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დაუყოვნებლივ დატოვეს იუსტიციის სახლი.
· 2018 წლის 30 სექტემბერს ჯ. ს-მა მეუღლის – თ. ს-ის შვილის – ლ. ხ-ის კუთვნილ ნომერზე გააგზავნა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინებები, კერძოდ, თ. ს-ს ურჩია, გაქცევით ეშველა საკუთარი თავისა და შვილისათვის, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლ. ხ-ის სახეს ვეღარ ნახავდა და მის გასვენებაში მივიდოდა. აღნიშნული მუქარა ლ. ხ-მა და თ. ს-მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მარიამ ნიკოლაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ს-ის საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უსაფუძვლო განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ჯ. ს-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რადგან, ისეთ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია იმის დადგენა, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ჯ. ს-ის მუქარამ დაზარალებულებს – თ. ს-სა და ლ. ხ-ს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
9. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს „in dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი