საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.07.2021
საქმის ნომერი
2კ-222აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№222აპ-21 ქ. თბილისი

მ-ე ზ-ბ, 222აპ-21 6 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. მ-ეს ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ე.ი. სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თე-ის რაიონის სოფელ ქ. ხ-ში, ს. მ-ეს თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში კონფლიქტი მოუხდა მეუღლესთან – ზ. მ-ესთან, რა დროსაც ზ-მა განზრახ, ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, ს. მ-ეს ესროლა სამზარეულოს დანა და მარცხენა მხრის არეში მიაყენა ჭრილობა. ზ. მ-ის ქმედების შედეგად ს. მ-ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განაჩენით ზ. მ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; გამართლებულს განემარტა, რომ მას აქვს უფლება, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღურება.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნატო ბურთიკაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განაჩენის გაუქმებას, ზ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება: №87აპ-13).

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. მ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.

8. დაზარალებულმა ს. მ-ემ (ბრალდებულის მეუღლემ) და მოწმე ი. ხ-ემ (ბრალდებულის დედამ) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. ზ. მ-ემ საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მას დანა არ უსვრია. მართალია, საქმეშია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 21 ნოემბრის №- დასკვნა, რომლის თანახმად, ს. მ-ეს სტაციონარში მოთავსების დროს გულმკერდის არეში, მარცხნივ, მე-5 ნეკნთაშუა არეში, უკანა აქსილარულ და ბეჭის ხაზებს შორის, აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი გულმკერდის ღრუში, რომელიც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, მაგრამ პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ. გარდა ამისა, მტკიცებულებები, რომლებიც ზ. მ-ის ბრალდებას დაედო საფუძვლად და რომლებზეც კასატორი ამახვილებს ყურადღებას (მათ შორის მოწმეების – ზ. ც-სა და ბ. ც-ის ჩვენებები), ირიბია და ვერ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

9. ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა გამამტუნებელი განაჩენის დადგენისას ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებამდე ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად არ დაიშვება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37; II-52).

10. ამასთან, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 20 მაისის №- დასკვნით გამოირიცხა შემთხევის ადგილიდან ამოღებულ დანებზე მდედრობითი სქესის სისხლის კვალის არსებობა. შესაბამისად, არც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს ზ. მ-ის ბრალეულობას.

11. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი