საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.07.2021
საქმის ნომერი
2კ-239აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№239აპ-21 ქ. თბილისი

ს-ე გ-ა, 239აპ-21 8 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. მ-სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით გ. ს-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2018 წლის 23 დეკემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირისა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· გ. ს-ეს ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით ყოფილ მეუღლესთან – მ. ც-ესა და მის დედასთან – ვ. ე-ესთან ჰქონდა უთანხმოება, რის გამოც განიზრახა მათი მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. ს-ემ 2018 წლის 22 დეკემბერს თავის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა შვილები – ნ. და გ. ს-ები. იმავე დღეს, საღამოს საათებში, ვინაიდან გ. ს-ეს გადაწყვეტილი ჰქონდა ყოფილი მეუღლის – მ. ც-ისა და მეუღლის დედის – ვ. ე-ის მკვლელობა, მივიდა მათ საცხოვრებელ ბინასთან (მდებარე თ-ში, გ-ს მე-- მიკრორაიონში, --ე კორპუსის ბინა №-). იგი დარწმუნებული იყო, რომ მ. ც-ე და ვ. ე-ე იმყოფებოდნენ ბინაში და დაელოდა მათ დაძინებას. როდესაც გ. ს-ე დარწმუნდა, რომ მ. ც-ემ და ვ. ე-ემ დაიძინეს, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, წინასწარ მომარჯვებული დანით გადაჭრა ზემოხსენებული საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ კართან არსებული ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი, რომელზეც შეაერთა დანაშაულის ჩასადენად წინასწარ მოძიებული რეზინის მილი, ხოლო მისი მეორე ბოლო მიამაგრა საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარში, რისი საშუალებითაც ბინაში შეუშვა ბუნებრივი აირის დიდი ოდენობა, რაც გაგრძელდა რამდენიმე ხანს. გ. ს-ემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ მოიყვანა სისრულეში თავისი დანაშაულებრივი განზრახვა, ვინაიდან ვ. ე-ეს გამოეღვიძა, იგრძნო გაზის სუნი, შეატყობინა მ. ც-ეს და მათ დასახმარებლად გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რითიც აღკვეთილ იქნა გ. ს-ის ქმედება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ადვოკატებმა – შ. მ-ემ და ნ. ბ-მა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის პროკურატურის პროკურორი გიორგი ქობულაძე შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს კასატორთა საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენი გ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების – მ. ც-ისა და ვ. ე-ის, მოწმეების – ზ. მ-ის, ჯ. მ-ის, ლ. ჭ-ის, ბ. ბ-ისა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, გ. ს-ის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმით, ექსპერტიზების დასკვნებით, სამხრეკამერების ვიდეოჩანაწერებითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ გ. ს-ემ ჩაიდინა მ. ც-ისა და ვ. ე-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

8. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის საჩივრის მოსაზრებას, რომ გ. ს-ემ შემთხვევით დააზიანა ბუნებრივი აირის მილი და ცდილობდა მის შეკეთებას. სააპელაციო პალატამ დაასაბუთა, რომ აღნიშნული ვერსია მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ალოგიკურია და ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს, გარდა ამისა, თავად გ. ს-ემაც სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს აღიარა, რომ გადაჭრა სადარბაზოში არსებული გაზის მილი, შეუერთა თავის მიერ მოტანილ რეზინის მილს და გაზი შეუშვა საცხოვრებელ ბინაში, ყველაფერი კი იმიტომ ჩაიდინა, რათა „შეეშინებინა“ მ. ც-ე.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა გ. ს-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორთა პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

10. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

11. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. მ-სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი