საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.07.2021
საქმის ნომერი
2კ-223აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№223აპ-21 ქ. თბილისი

ხ-ი გ-ი, 223აპ-21 1 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით გ. ხ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 28 მარტიდან იმავე წლის 31 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.

2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ხ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 7 თებერვალს გ. ხ-ი დაუკავშირდა მოქალაქე ე. ბ-ს და შეუთანხმდა „BMW 550 I“ მოდელის (--) ავტომანქანის შეძენაზე 20000 აშშ დოლარად, რომელიც იმ მომენტისათვის მისი ბიძაშვილის – ე. ბ-ის სახელზე რეგისტრირდებოდა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით – „--“.

· გ. ხ-მა განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ე. ბ-ი დაარწმუნა, რომ, თუ ავტომანქანას მის სახელზე არ გადააფორმებდა, მაშინ შპს „ჯ. კ-ი“ უარს ეტყოდა უკვე დამტკიცებული კრედიტის გამოტანაზე და ავტომანქანის საფასურსაც ვერ გადაუხდიდა. ე. ბ-ი დასთანხმდა და, იმ იმედით, რომ შეთანხმებულ თანხას მიიღებდა, 2018 წლის 12 თებერვალს ქ. რ-ში გადაუფორმა ზემოაღნიშნული ავტომანქანა. მიუხედავად დაპირებისა, გადაფორმების შემდეგ ე. ბ-ს გ. ხ-ისაგან ავტომანქანის საფასური არ მიუღია. საბოლოოდ გ. ხ-მა გამორთო მობილური ტელეფონი და მიიმალა.

· აღნიშნული ავტომანქანა გ. ხ-მა 2018 წლის 14 თებერვალს გადაუფორმა ლ. ლ-ეს, რომელმაც, თავის მხრივ, იმავე წლის 15 თებერვალს ავტომანქანა გადააფორმა შპს „მ-ზე“, ხოლო 2018 წლის 18 თებერვალს მითითებული ავტომანქანა (იმ დროისათვის სახელმწიფო სანომრე ნიშნით – „--“) შპს „მ-დან“ შეიძინა ზ. ბ-მა (პ/ნ --) 15500 აშშ დოლარად.

· აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით ე. ბ-ს მიადგა 49002 ლარის – დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ანჟელა გეთიამ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ხ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

5. მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ც-ე შესაგებლით ითხოვს პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მსჯავრდებულ გ. ხ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არმქონეა, ახლად დაოჯახებულია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი არ გახადა სადავოდ, გამოთქვამს მზადყოფნას მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, კერძოდ, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დაზარალებულის სახელზე გადააფორმა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი) მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

9. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

10. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა და, ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება გ. ხ-ის მიმართ შეფარდებულ ჯარიმაზე.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი