ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100221900045361
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№3681-21 14 ივნისი, 2021 წელი
ძ. დ., 3681-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივანი – კ. თ
პროკურორ - რომეო ტყაბლაძის
ადვოკატ - მ. ლ-ის
მსჯავრდებულ - დ. ძ-ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად განიხილა მსჯავრდებულ დ. ძ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საჩივარი სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 თებერვლის განაჩენით დ. ძ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2. გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 ივლისის განაჩენით დ. ძ (ძებნილი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2002 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვე და დ. ძ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამასთან, გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: დ. ძ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 2 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინებით დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ დ. ძ-ს განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 7 (შვიდი) თვით - შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 1 (ერთი) თვით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. 2013 წლის 6 თებერვალს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შუამდომლობით მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს ძებნილი მსჯავრდებულის - დ. ძ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების მოთხოვნით.
6. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ძებნილი მსჯავრდებული დ. ძ გათავისუფლდა გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 2 წლით პირობითი მსჯავრისგან. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 25 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 1 (ერთი) წლით, 10 (ათი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
7. 2021 წლის 22 აპრილს მსჯავრდებული დ. ძ დააკავეს და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
8. 2021 წლის 13 მაისს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. ძ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-მ. კასატორები საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში მსჯავრდებულ დ. ძ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებისას, სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინება, რომლითაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდა მსჯავრდებულის სასარგებლო ცვლილება, კერძოდ: მას განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 7 (შვიდი) თვით - შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 1 (ერთი) თვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დ. ძ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს არა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 25 ნოემბრის განაჩენით, არამედ - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი, რის შემდეგაც მსჯავრდებულს საბოლოოდ უნდა შეეფარდოს 1 წლით, 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება.
3. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში სასამართლომ დ. ძ-ს ისე განუსაზღვრა სასჯელი, რომ მხედველობიდან გამორჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინება, რომლითაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდა მსჯავრდებულ დ. ძ-ის სასარგებლო ცვლილება სასჯელის ნაწილში, კერძოდ: დ. ძ-ს განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 7 (შვიდი) თვით - შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 1 (ერთი) თვით.
4. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინების სამოტივაციო ნაწილში ასევე მითითებულია, რომ დ. ძ-ს საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრად შერაცხული ქმედებისათვის (2003 წლის 1 მარტს ჩადენილი დანაშაული - ანუ გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 ივლისის განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედება) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, წინა, ანუ - გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის განსაზრული სასჯელი, განაჩენთა ერთობლიობით, გამოვიდა 6 თვე. მოგვიანებით, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დ. ძ სრულად გათავისუფლდა გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 2 წლით პირობითი მსჯავრისგან.
5. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, მართალია, დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ მსჯავრდებულ დ. ძ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი - 2 (ორი) წლითა და 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გასცდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და დ. ძ-ს ერთი მეოთხედით შეუმციროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრად შერაცხული ქმედებისათვის (2003 წლის 1 მარტს ჩადენილი დანაშაული - ანუ გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 ივლისის განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედება) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს 1 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 2 წლით პირობითი მსჯავრისგან - სრულად უნდა გათავისუფლდეს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ძ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება გაუქმდეს;
3. მსჯავრდებული დ. ძ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის 2 წლით პირობითი მსჯავრისგან;
4. მსჯავრდებულ დ. ძ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრად შერაცხული ქმედებისათვის (2003 წლის 1 მარტს ჩადენილი დანაშაული - ანუ გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 ივლისის განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედება) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული 1 (ერთი) წლითა და 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით, 2 (ორი) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა;
5. მსჯავრდებულ დ. ძ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2021 წლის 22 აპრილიდან;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 1 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი