საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
უსაქმე # 160100120003475066
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №906აპ-20 ქ. თბილისი
გ–ი ა., 906აპ-20 1 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებულ ა. გ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში, ვინაიდან მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. გ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი).
ა. გ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ძალადობის ეპიზოდები:
- 2019 წლის ნოემბერში მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში მდებარე გ–ების საცხოვრებელ სახლში, ა. გ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჰ. გ–ს აუკრძალა დედასთან სტუმრად წასვლა, ტელეფონზე საუბარი, მეზობელთან ურთიერთობა და მასთან შეუთანხმებლად ტანსაცმლის ჩაცმა. 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, დღის საათებში, ა. გ–მ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თუ რატომ ესაუბრა მისი აკრძალვის მიუხედავად ჰ. გ–ა დედას მობილური ტელეფონით, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ოთხჯერ თავისა და ზურგის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2020 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ...........ს რაიონის სოფელ ..............ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ა. გ–მ დედასთან სატელეფონო საუბრის გამო, თმის დაქაჩვით, ხელის კვრითა და ფეხის ორჯერ ზურგში ჩარტყმით ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე - ჰ. გ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 8 თებერვლამდე ა. გ–ი სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფითა და დამცირებით, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე - ჰ. გ–ზე. 2020 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, ..........ის რაიონის სოფელ ............ში, თავის საცხოვრებელ სახლში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა. გ–მ, რომელმაც დედისაგან - ე. მ–საგან შეიტყო, რომ მიუხედავად აკრძალვისა, ჰ. გ–ა ტელეფონით ესაუბრა დედას, აღნიშნულით გაღიზიანებულმა აგინა, თმა დაქაჩა და მარჯვენა ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
მუქარის ეპიზოდები:
- 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში მ..........ს რაიონის სოფელ .............ში მდებარე გ–ების საცხოვრებელ სახლში, ა. გ–მ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ჰ. გ–ს და მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ...........ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ა. გ–ი, რომელმაც დედისაგან - ე. მ–საგან შეიტყო, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი ჰ. გ–ა მისი აკრძალვის მიუხედავად, დედას ტელეფონით ესაუბრა, სამზარეულოდან აღებული კერამიკული დანის ყელზე მიბჯენითა და სიტყვებით ,,ნაკუწებად დაგჭრი", სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ჰ. გ–ს და მოსთხოვა დაუყოვნებლივ ე. მ–სათვის ბოდიშის მოხდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, მ............ის რაიონის სოფელ .............ში, გ–ების საცხოვრებელ სახლში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა. გ–მ დედასთან ურთიერთობის შეწყვეტა მოითხოვა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ჰ. გ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით ა. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (2019 წლის ნოემბრის, 2019 წლის 2 თებერვლის, 2019 წლის ნომბრიდან 2020 წლის 8 თებერვლამდე და 2020 წლის 8 თებერვლის ეპიზოდები);
საქართველოს სსკ-ის 111, 151-მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის 2 თებერვლისა და 2020 წლის 8 თებერვლის ეპიზოდები).
გაუქმდა ა. გ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
ა. გ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებულ ა. გ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. გ–ს ბრალეულობა ბრალად წარდგენილ ქმედებებში, ვინაიდან მისი მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, კერძოდ: როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, შემთხვევის ერთადერთმა უშუალო თვითმხილველმა პირმა - დაზარალებულმა ჰ. გ–მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის - ა. გ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი