საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.06.2021
საქმის ნომერი
2კ-88აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100120003630907

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№88აპ-21 ქ. თბილისი

გ. ვ., 88აპ-21 30 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ვ. გ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორის მითითებით, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, თუმცა გამოძიების დროს, გამოკითხვისას, ამხელდა მეუღლეს ძალადობასა და მუქარაში, ხოლო ვ. გ-ს ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ ნ. გ-მ არ მისცა ჩვენება, ასევე -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. გ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

- ვ. გ. დაახლოებით 2020 წლის მარტიდან 2020 წლის .. აპრილამდე ქ. მ-ში, გამსახურდიას ქ. №..-ში მდებარე, თავის კუთვნილ, ბინა №..-ში, სისტემატური შეურაცხყოფითა და დამცირებით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე - ნ. გ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

- ვ. გ-მა ქ.მ-ში, გ-ს ქ. №..-ში მდებარე, თავის კუთვნილ, ბინა №..-ში, 2020 წლის .. აპრილს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით, ხოლო 2020 წლის .. აპრილსა და 2020 წლის .. აპრილს - მუშტის თავსა და თვალში ჩარტყმით, სისტემატურად ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ნ. გ-ზე. ვ. გ-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ. გ-მ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

- 2020 წლის .. აპრილს ქ. მ-ში, გამსახურდიას ქ. №., ბინა №1-ში მდებარე თავის სახლში, ვ. გ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. გ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის .. აპრილს ქ. მ-ში, გამსახურდიას ქ. №..-ში მდებარე, თავის კუთვნილ, ბინა №..-ში, ვ. გ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. გ-ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის .. აპრილს ქ. მ-ში, გამსახურდიას ქ. №.-ში მდებარე, თავის კუთვნილ, ბინა №..-ში, ვ. გ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. გ-ს, კერძოდ, უთხრა: ,,მოგკლავ, დაგახრჩობ, აგკუწავ, დაგწვავო", რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ვ. გ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის განაჩენით ვ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ. გ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა ვ. გ-ს ბრალეულობა; დაზარალებულმა ნ. გ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის ან/და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ვ. გ-ს წარდგენილ ბრალდებებში გონივრულ ეჭვს მიღმა დამნაშავედ ცნობისათვის.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი