საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.06.2021
საქმის ნომერი
2კ-892აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003012226

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№892აპ-20 ქ. თბილისი

კ–ი ი., 892აპ-20 2 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. კ–მ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ითხოვს მის შეცვლასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდებას; კასატორის მტკიცებით, სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა, რომ გამოძიების ეტაპზე აღიარებდა ბრალს და აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, როდესაც ნებაყოფლობით მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში, ასევე მხედველობაში არ მიიღო, რომ დაკავებისას არ გაუწევია წინააღმდეგობა, არ უცდია გაქცევა ან ტელეფონის თავიდან მოშორება და ამ გზით პასუხისმგებლობის თავიდან არიდება; ის ფაქტი, რომ იგი წარსულში ნასამართლევია, მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა და არასწორია ამ საფუძვლით სასჯელის გამკაცრება; ჰყავს 4 შვილი, არის სოციალურად დაუცველი, რამაც უბიძგა დანაშაულის ჩადენისაკენ, რასაც გულწრფელად ნანობს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით ი. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა - 2019 წლის 27 აპრილიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ–მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით ი. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 11 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. კ–მ სასჯელი მოიხადა 2016 წლის 17 მარტს.

- 2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 15:14 საათზე, ქ. თ.......ში, ............ის ქუჩა №..-ში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ი. კ–ი მ. გ–ს ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ჯამურად - 201 ლარად ღირებულ ,,LG-ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს, თავისივე შალითით, თუმცა იგი შეამჩნიეს და დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ი. კ–ს ქმედებით მ. გ–ს მიადგა 201 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. კ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და უდანაშულოდ ცნობას და თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორმა მარიანა ონიანმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ი. კ–სათვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება: ი. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა - 2019 წლის 27 აპრილიდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. კ–ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქების კანონიერი საფუძვლები, საქმის მასალებით არ იკვეთება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. კ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი