საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100120003772656
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №90აპ-21 ქ. თბილისი
კ–ი ა., 90აპ-21 25 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების - ა. კ–ისა და ლ. კ–სათვის შეფარდებული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოსახდელად განსაზღვრას, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, შემდეგ მოტივებზე მითითებით: მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს განზრახი ძალადობრივი ხასიათის ჯგუფური დანაშაული, დაზარალებულთან არ არიან შერიგებულები, მათ შორის კონფლიქტი გრძელდება წლების განმავლობაში და მხარეთა შორის კონფლიქტი დღემდე არ არის ამოწურული; მსჯავრდებულებს არც უცდიათ დაზარალებულთან შერიგება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება; ამდენად, არსებობს დანაშაულის კვლავ ჩადენის რეალური საფრთხე.
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ლ. კ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, რაც იმავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდა ლ. კ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
ა. კ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე დამატებითი სასჯელის სახით სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა ა. კ–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
მსჯავრდებულებს - ლ. კ–ს და ა. კ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოთ განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 20 ოქტომბრიდან;
პირობით სასჯელზე მსჯავრდებულების - ლ. კ–ისა და ა. კ–ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის შესაბამის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ–მა და ა. კ–მა ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
ლ. კ–ისა და ა. კ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ა............ს რაიონის სოფელ კ........ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ჩხუბისას, ა. კ–მა და მისმა მეუღლემ - ლ. კ–მა, ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილზე დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ ნათესავს, რ. ღ–ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და ცხვირის არეში ნაჭდევის სახით მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ლ. და ა. კ–ებისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმება და სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ა. კ–ისა და ლ. კ–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმებას, ვინაიდან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულთა პიროვნული მახასიათებლები, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, ის გარემოება, რომ მათ უდავოდ ცნეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, წარსულში არ არიან ნასამართლევი, ასევე ის ფაქტიც, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტი წლებია, არსებობს და ისინი არ შერიგებულან, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჩაეთვალათ პირობით. აღნიშნული სასჯელი კანონიერია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
9. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11-ლი ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის მიერ 2021 წლის 12 თებერვალს შედგენილი დაზარალებულ რ. მ–თან გასაუბრების შესახებ ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ დაზარალებული მსჯავრდებულების - ა. კ–ისა და ლ. კ–ს მიმართ მითითებული კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების წინააღმდეგია, რის გამოც მათ მიმართ ვერ იქნება გამოყენებული ზემოხსენებული შეღავათი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი