საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.06.2021
საქმის ნომერი
2კ-957აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100120003453690

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№957აპ-20 ქ. თბილისი

მ–ი ნ., 957აპ-20 3 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ძიძიგურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ძიძიგურმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა არ მისცეს ჩვენებები სასამართლოს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა, რომ რ. ი–ს სწორედ იმ არეებში აღენიშნებოდა დაზიანებები, სადაც მას მეუღლემ სცემა, ხოლო ირიბი ჩვენებებით კი დგინდება, რომ რ. ი–ა სწორედ მეუღლეს ამხელდა ძალადობაში.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. მ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ბ........ს რაიონის სოფელ .......ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ნ. მ–მ, თავისი არასრულწლოვანი შვილების - 2 წლის მ. მ–ს, 5 წლის ფ. მ–ს, 13 წლის ა. მ–ს და 14 წლის ა. მ–ს თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - რ. ი–ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ რამდენიმე დღე სახლში არ მივიდა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ა. მ–მ შენიშვნა მისცა მამას, რის გამოც ნ. მ–მ ორჯერ გაარტყა ხელი სახეში ა. მ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძმის ცემისა და დედის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ნ. მ–ს უსაყვედურა ა. მ–მ, რომელსაც ნ. მ–მ ჯოხი დაარტყა ზურგში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შვილების ფიზიკური შეურაცხყოფის გამო რ. ი–ამ შენიშვნა მისცა ნ. მ–ს, რომელმაც რ. ი–ს ჯოხი დაარტყა მარჯვენა ხელისა და მარჯვენა საფეთქლის არეში, რის შემდეგაც ფეხი დაარტყა მუცლისა და ზურგის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ნ. მ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით ნიზამ მამედოვი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ძიძიგურმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ნ. მ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა; ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ რ. ი–ს 2019 წლის 28 დეკემბერს აღენიშნებოდა ჰემატომა მარჯვენა საფეთქლისა და ყვრიმალის არეში და დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, თუმცა დაზიანებების ხანდაზმულობა საექსპერტო კვლევით ვერ დადგინდა; დაზარალებულებმა - რ. ი–ამ, ა. და ა. მ–ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ნაწილი ბრალდების შესახებ დადგენილებაში მთითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არ გამოდგება, რადგან, ერთი მხრივ, არის - ირიბი, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტულად არაფრისმთქმელია; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ნ. მ–ს ბრალეულობას დაადასტურებდა.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ძიძიგურის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი