საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.06.2021
საქმის ნომერი
2კ-64აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003156912

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №64აპ-21 ქ. თბილისი

მ–ე ზ., 64აპ-21 28 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ზ. მ–ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძვლებით: მართალია, დაზარალებულმა ნ. მ–მ უარი თქვა საკუთარი ძმის, ზ. მ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ არის ცნობილი და რომელიც ადასტურებს ზ. მ–ს ბრალეულობას, კერძოდ, ეს მტკიცებულებებია: პატრულ-ინსპექტორების - მ. ბ–სა და ზ. ზ–ს გამოკითხვის ოქმები, სასწრაფოს ექიმების - ლ. ე–სა და ლ. ა–ს გამოკითხვის ოქმები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. მ–ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

ზ. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, ქ.თ.......ში, .......ში, .........ის ქუჩა №..-ში მდებარე, ბინა №..-ში ძმებმა ზ. მ–მ და ალკოჰოლით მთვრალმა ნ. მ–მ, ოჯახური კონფლიქტის დროს, უმნიშვნელო მიზეზით, ერთმანეთის მიმართ იძალადეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ზ. მ–ე და ნ. მ–ე ერთმანეთს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში. ამასთან, ნ. მ–მ დანის გამოყენებით ზ. მ–ს მიაყენა რამდენიმე დაზიანება მარცხენა ბარძაყის არეში. ზ. მ–ს ქმედების შედეგად ნ. მ–მ მიიღო დაზიანება ნახეთქი ჭრილობის სახით წარბის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ზ. მ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ზ. მ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა (500ლარი).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ზ. მ–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. მ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ იმ მოცემულობის გათვალისწინებით, როდესაც დაზარალებულმა ნ. მ–მ და მოწმე მ. გ–მ (ნ. და ზ. მ–ების დედა) გამოიყენეს მათთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის, შესაბამისად - ძმისა და შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ზ. მ–მ ისარგებლა დუმილის უფლებით, გაურკვეველი დარჩა ის ფაქტობრივი გარემოება, თუ რომელი ძმა იყო კონფლიქტის ინიციატორი, როგორ განვითარდა მოვლენები, ვინ ვის ურტყამდა, რომელი იცავდა თავს და რომელი ესხმოდა და რა წვლილი მიუძღვის ზ. მ–ს იმ დაზიანებების მიყენებაში, რაც ნ. მ–ს აღენიშნებოდა. რაც შეეხება მოწმეების, პატრულ-ინსპექტორების - მ. ბ–სა და ზ. ზ–ს გამოკითხვის ოქმებს, გარდა იმისა, რომ ისინი არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ამასთან ირიბი მტკიცებულებებია, ვინაიდან ეს პირები არ არიან მომხდარი შემთხვევის თვითმხილველები პირები და ინფორმაციას ფლობენ ნ. და ზ. მ–ების მონაყოლით. ასევე ირიბია სასწრაფოს ექიმების - ლ. ე–სა და ლ. ა–ს უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმები, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება დაზარალებულ ნ. მ–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც, მართალია, დადგენილია, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები, მაგრამ, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ვინაიდან შემთხვევის უშუალო მონაწილე და თვითმხილველმა პირებმა სასამართლოს არ მისჩეს ჩვენებები, არ დგინდება შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი