საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.06.2021
საქმის ნომერი
2კ-902აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003502065

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№902აპ-20 ქ. თბილისი

ქ–ე ლ., 902აპ-20 3 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ითხოვს განჩენში შევიდეს ცვლილება და ლ. ქ–ს შეეფარდოს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც არ უნდა ჩაეთვალოს პირობითად; კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა ლ. ქ–ს ქმედება, თუმცა არათანაზომიერი და მსუბუქი სასჯელი შეუფარდა, ვინაიდან მისი ქმედებები არ ყოფილა ერთჯერადი, გამოიხტებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებაში და შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში; სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ლ. ქ–ე არ იყო ნასამართლევი, თუმცა სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, დანაშაულის ჩადენის ხერხი და სისტემატურობა; შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლა, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება განაჩენის სამართლიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს მსჯავრდებულს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ლ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათით; გაუქმდა წინა განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლ. ქ–ს მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 200 საათით და 6 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ქ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

- ქ.თ..........ში, ............ის მე-.. მ/რ-ის, კორპუსი №.., ბინა №..-ში, ლ. ქ–ე დედას - ლ. ა–ს 2020 წლის 15 იანვრამდე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა.

- 2020 წლის 15 იანვარს ქ. თ.............ში, ...........ის მე-.. მ/რ, კორპუსი №.. , ბინა №..-ში, ლ. ქ–ე დედას - ლ. ა–ს დაემუქრა: ,,შენ ნახე რა გიქნაო“, რა დროსაც ლ. ა–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ლ. ქ–სათვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. ქ–ს სამართლიანი სასჯელები შეუფარდა, რომელთა გამკაცრება არ არის აუცილებელი; საკასაციო სასამართლო, პროკუროის მოთხოვნასთან მიმართებით, რომ ლ. ქ–ს მიმართ არ იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი მიუთითებს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი და, შესაბამისად, სასამართლო კანონისმიერადაც შებოჭილია და ვერ ჩაუთვლიდა ლ. ქ–ს შეფარდებულ სასჯელს პირობითად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ არის მართებული (საჩივარში აღნიშნულია, რომ თითქოსდა ლ. ქ–ე არის ნასამართლობის არმქონე, დაზარალებულის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების შემდეგ მსჯავრდებულის ქმედებები გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში და სასამართლომ შეფარდებული სასჯელი ჩაუთვალა მას პირობითად), ხოლო, მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ სისტემატურობა ლ. ქ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა - შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია და პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული.

9. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი