საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120004135193
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №638აპ-21 ქ. თბილისი
ფ-ა მ, 638აპ-21 9 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენზე ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილ ბრალდებათა არსი:
1.1. მ. ფ-ს ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, დილის საათებში, თ-ი, ქ-ს მე-2 შესახვევის №... კორპუსში, ბინა №..-ში, მ. ფ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, ლ. ნ-ს, კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, რა დროსაც დედამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. მასვე ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ-ი, ქ-ს მე-2 შესახვევის №... კორპუსში, ბინა №...-ში, მ. ფ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, ლ. ნ-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა თავის მიდამოში, რის შედეგადაც დედამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. მასვე ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის ივლისიდან 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, მ. ფ-ა სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას, ლ. ნ-ს, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა ტანჯვას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის განაჩენით:
2.1. მ. ფ-ა, - დაბადებული .... წლის .... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
მ. ფ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 15 ოქტომბრიდან.
2.2. მ. ფ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2020 წლის აგვისტოს შუა რიცხვების ეპიზოდი);
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით:
3.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - პროკურორი ნათია ქომოშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორი ეპიზოდის ჩადენაში (2020 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფისა და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდები) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, მ. ფ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი სამი ეპიზოდის ჩადენა დასტურდება: დაზარალებული მოწმის, ლ. ნ-ს ჩვენებით, მოწმე პ. წ-ს ჩვენებით, სამედიცინო დასკვნითა და შემაკავებელი ორდერით. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. მხედველობაშია მისაღები, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტებთან მიმართებით, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს თითოეულ მტკიცებულებას, რადგან აღნიშნული სახის დანაშაულები განსხვავდება სხვა კატეგორიის დანაშაულებისგან, მითუმეტეს, ოჯახში ჩადენილი დანაშაული მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადის ყოფნის არეალშია განხორციელებული.
5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
6.4. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ორ ეპიზოდში, კერძოდ, 2020 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფისა და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნულ ბრალდებათა დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს მ. ფ-ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენას.
6.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.
6.6. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ორ ეპიზოდში კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.
6.6.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი):
ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებულმა ლ. ნ-ა მოწმედ დაკითხვის დროს მიუთითა, რომ იგი მ. ფ-ნ ზოგჯერ კამათობდა, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი ხშირად არ ყოფილა და მ. ფ-ა ხშირად არ აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას.
დაზარალებულის მეუღლემ, მოწმე პ. წ-ა კი სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მას მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. იგი პირადად არ შესწრებია ლ-ა და მ-ს შორის ჩხუბს. ზოგჯერ ისინი კამათობდნენ, მაგრამ საგანგაშო არაფერი ყოფილა.
საჩივარში ბრალდების მხარე აგრეთვე მიუთითებს სამედიცინო დოკუმენტზე, შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმზე (15.10.2020), თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ N284 სამედიცინო ბარათი შეეხება სხვა, 2020 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდს, შემაკავებელი ორდერის ოქმში კი ლ. ნ-ს მიერ გამომძიებლისათვის მითითებული, 2020 წლის 15 ოქტომბრისა და აგვისტოს შუა რიცხვებში ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებია აღწერილი.
ამდენად, მოცემულ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და უთითებს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ. ფ-ს მიერ ლ. ნ-ს (დედისთვის) სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.
6.6.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (2020 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფა):
დაზარალებულმა ლ. ნ-ა ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით მოწმედ დაკითხვის დროს მიუთითა, რომ 2020 წლის აგვისტოში, სახლში დაბრუნებისას, მ. ფ-მ მას ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც განიცადა ტკივილი, თუმცა თავბრუსხვევა არ ჰქონია.
ბრალდების მხარის მიერ მითითებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმე პ. წ-ს ჩვენება და სამედიცინო ბარათი ბრალდების ამ ეპიზოდისათვის არარელევანტურია, ვინაიდან ისინი არ ადასტურებს 2020 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში მ. ფ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მაშასადამე, გარდა დაზარალებულის მიერ გამომძიებლისათვის მიწოდებული ინფორმაციისა (2020 წლის 15 ოქტომბერს გაცემული შემაკავებელი ორდერის ოქმი) და სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა, სხვა მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა წარდგენილი ბრალდების ეპიზოდს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლო ამ მხრივ ყურადღებას მიაქცევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება. კონვენციაში მითითებულია, რომ აღნიშნული დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. აღნიშნული კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების სტადიაზე უნდა მოიპოვონ არსებითი სახის მტკიცებულებები, დაკითხონ მოწმეები, მიიღონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ., რათა დარწმუნდნენ, რომ სასამართლო პროცესის შემდგომი გაგრძელება არაა მხოლოდ მსხვერპლის განაცხადზე დამყარებული (Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 280).
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ უთითებს, რომ ბრალდების მხარის აღნიშნული ეპიზოდი მხოლოდ დაზარალებულის განცხადებებზეა დაფუძნებული; შესაბამისად, ფაქტი - 2020 წლის აგვისტოში მ. ფ-მ ნამდვილად მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა ლ. ნ-ს, არ არის საკმარისი მტკიცებულებებით გამყარებული და შეიცავს საეჭვო გარემოებებს; საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი კი, რომელიც სისხლის სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლურ პრინციპს („In dubio pro reo”) შეეხება, უთითებს, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
6.7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (2020 წლის 15 ოქტომბერს ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფა):
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში მ. ფ-ა სასამართლომ დამნაშავედ ცნო, რაც დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ. შესაბამისად, საკასაციო პალატა, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარს განიხილავს მხოლოდ ბრალდების მხარის საჩივრის ფარგლებში (როგორც აღინიშნა, დაცვის მხარის შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა).
საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები - 112-ში გაცხადებული N2444381 შეტყობინების ოქმი, N284 სამედიცინო ბარათი და გამომძიებელ ვ. გ-ს ჩვენება, დაზარალებულ ლ. ნ-ს ჩვენებასთან ერთად, ქმნის ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს და გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს სწორედ ამ ეპიზოდისათვის წარდგენილ ბრალს და არა - ბრალდების სხვა ორ ეპიზოდსაც, როგორც ამას კასატორი თავის საჩივარში აღნიშნავს.
112-ში გაცხადებული N2444381 შეტყობინების ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის 15 ოქტომბერს ლ. ნ-ა 112-ს შეატყობინა, რომ მას შვილთან აქვს კონფლიქტი და სახლში არ უშვებს. N284 სამედიცინო ბარათში მითითებულია, რომ 2020 წლის 15 ოქტომბერს დაზარალებულს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება; მისი გადმოცემით, შვილმა სახლში კეფის არეში, მარჯვენა მხარეს, მუშტი დაარტყა, სადაც განიცდის ტკივილს; სხეულზე დათვალიერებით მას რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. გამომძიებელმა ვ. გ-მ კი სასამართლოში განმარტა, რომ 2020 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც დაზარალებული გამოკითხა, იგი აღელვებული იყო.
6.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
6.9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე