ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 14.09.2021
საქმის ნომერი
2კ-399-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.09.2021

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141221004263264

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №399I-21 14 სექტემბერი, 2021 წელი

მ-ე რ. , 399I -21 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1.2021 წლის 15 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, შევიდა მსჯავრდებულ რ. მ-ის პირადი საქმე.

1.2.პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენით რ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არ გასაჩივრებულა.

2. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

3. კასატორის მოთხოვნა:

3.1. მსჯავრდებულმა რ. მ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა მისთვის სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გავრცელება.

3.2.საკასაციო საჩივრის ავტორი რ. მ-ე აღნიშნავს, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელისაგან, რადგან წარმოადგინა დაზარალებულ რ. ნ-ის თანხმობა მის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4.3.აღნიშნული ნორმა პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს დაზარალებულის თანხმობის არსებობას, თუმცა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან ეს უკანასკნელი ვერ იძებნება, კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

4.4.ამდენად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებული პირის მიმართ ამნისტიის გასავრცელებლად საჭიროა არსებობდეს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) დაზარალებულის თანხმობა;

ბ) დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი) თანხმობა, თუ დაზარალებული გარდაცვლილია ან ვერ იძებნება;

გ) დაზარალებულის ოჯახის წევრის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი) არარსებობა ან მისი მოძებნის შეუძლებლობა, თუ თავად დაზარალებულიც ვერ იძებნება ან გარდაცვლილია.

4.5.მსჯავრდებულ რ. მ-ის პირად საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულ რ. ნ-ეს ორჯერ - 2021 წლის 10 თებერვალსა და 25 თებერვალს გაუგზავნა წერილი მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ თანხმობის გამოხატვის თაობაზე. გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს - 2021 წლის 2 მარტს არის შედგენილი, ირკვევა, რომ წერილების ჩაბარება ვერ მოხერხდა ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო.

4.6.საქმის მასალების მიხედვით, არ დასტურდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, ერთი მხრივ, დაზარალებულისაგან თანხმობის მოპოვების მცდელობა სხვა, უფრო ეფექტიანი საშუალებით, მათ შორის, მსჯავრდებულის მეშვეობით, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულის ოჯახის წევრთან დაკავშირების მცდელობა, მათ შორის, იმავე საშუალებით.

4.7.დაზარალებულისათვის გაგზავნილი წერილის ჩაუბარებლობა, მისამართზე შესაბამისი პირების არყოფნის გამო, რომც ჩაითვალოს დაზარალებულის ოჯახის წევრების მოძებნის შეუძლებლობად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინება მაინც ვერ აკმაყოფილებს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოთხოვნებს, რადგან აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრის თანხმობის არარსებობა, მათ შორის, იმ მოტივით, რომ მათი მოძებნა ვერ მოხერხდა, იწვევს მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელებას.

4.8.ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოთხოვნებს და ამასთან, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს ერთვის დაზარალებულ რ. ნ-ის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა რ. მ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებულის მიმართ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4.9.„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

4.10. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, რ. მ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება და იგი გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის (პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა) მოხდისაგან.

4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის განჩინება გაუქმდეს;

3. რ. მ-ე გათავისუფლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის (პირობითი მსჯავრი, გამოსაცდელი ვადა) მოხდისაგან;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე