დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142221700137496
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №15აგ-21 3 ივნისი, 2021 წელი
გ–ე გ., 15აგ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. გ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის განაჩენით თ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე თ. მ–ის მიმართ სასჯელი პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელი ვადა განისაზღვრა 3 წლით.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით თ. მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. მ–ისა და დაზარალებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ( 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 2 ნოემბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ბ–ს და დაზარალებულ თ. მ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის №... განკარგულების საფუძველზე გ. გ–ს მიმართ, მისი შეწყალების გამო, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მარტის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 17 დეკემბრიდან.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით გ. გ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
12. მსჯავრდებული გ. გ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლისა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის განაჩენების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 21 ივნისის განჩინების, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განჩინების, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის განაჩენების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამარათლის საპროცესო კოდექსის ( შემდგომში - სსსკ-ის) 310-ე მუხლი ადგენს იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც დაიშვება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა. შესაბამისად, გ. გ–ის საკასაციო საჩივრის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს სსსკ-ის აღნიშნული მუხლით განსაზღვრული გარემოების არსებობა. სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
4. კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია ის დანაშაულები, რომლებისთვისაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით მსჯავრი დაედო. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული სსსკ-ის 310-ე მუხლით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივარში მითითებულ იმ საკითხებზე მსჯელობისა და მათი შეფასების შესაძლებლობას, რომლებიც სსსკ-ის თანახმად, ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს და სათანადო საფუძვლის არსებობისას განაჩენის გასაჩივრების ფარგლებში. ვინაიდან, სსსკ-ის 310-ე მუხლი საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს ამომწურავად განსაზღვრავს, საკასაციო სასამართლოს არ აქვს იმ საკითხებზე მსჯელობისა და შეფასების შესაძლებლობა, რომლებიც კასატორისთვის ცნობილი იყო გასაჩივრებული განაჩენის დადგენისას.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნა ისეთ საკითხებზე აპელირებით, რაც უკავშირდება გამოძიების ან სასამართლო განხილვის ეტაპზე დაშვებულ ხარვეზებს, გამოძიების მხრიდან ცალკეული გარემოებების არაჯეროვნად გამოძიებას, იმ მტკიცებულების სანდოობას, რომელიც გამოკვლეული იყო არსებითი სასამართლო განხილვის დროს და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებათა არასაკმარისობა არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველია ისეთი ახალი გარემოება, რომელიც განაჩენის დადგენისას ობიექტურად არ იყო ცნობილი კასატორისთვის და რასაც შეუძლია გავლენის მოხდენა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში კასატორი უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც ცნობილი იყო კასატორისა და პროცესის მწარმოებელი ორგანოებისთვის როგორც გამოძიების, ასევე ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები არ აკმაყოფილებს სსსკ-ით ახლად გამოვლენილი გარემოებებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სსსკ-ით საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს არ აქვს იმ საკითხებზე მსჯელობის და შეფასების შესაძლებლობა, რომელი საკითხებიც კასატორისთვის ცნობილი იყო გასაჩივრებული განაჩენის დადგენისას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №46აგ-19 ).
8. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს სსსკ-ის 310-ე ან/და 3321-ე მუხლით გათვალისწინებულ არცერთ გარემოებაზე და საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც არ დასტურდება სსსკ-ის აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია კასატორის საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია (გამონაკლისია სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე)“ და „ე1)“ ქვეპუნქტებით მითითებული შემთხვევები). შესაბამისად, სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენისა და ამავე მუხლით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში გ. გ–ს შეუძლია, კვლავაც მიმართოს სასამართლოს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. გ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე