საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003378494
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №145აპ-21 ქ. თბილისი
ა–ი რ. 145აპ-21 8 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, რ. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბ..........ში, ...........ის ქ. N..., ბინა N...-ში ყოფნისას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევმა რ. ა–მ, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში ხელებისა და ფეხების დარტყმებით და ხელებზე ხელების ძლიერად მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი. ს–ს - პირს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენით რ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
რ. ა–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ რ. ა–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, რ. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა რ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ი. ს–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები არის ირიბი.
8. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული რ. გ–სა და ი. წ–ს ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან. შესაბამისად, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის ირიბი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
9. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დგინდება ი. ს–ს სხეულზე დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა რ. ა–ის მიერ.
10. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019), თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (მაგალითად, 269-ე, მე-13, 82-ე მუხლები) იმპერატიული დანაწესებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე